რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა აცხადებს, რომ რუსეთთან შეერთების თაობაზე ე.წ. "რეფერენდუმის" ჩატარება არ განიხილება. იტყობინება "ეხო კავკაზა".
შამბას თქმით, "აფხაზეთის საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში მსგავსი განწყობები არ არსებობს".
"უპირველესად, ჩვენი კონსტიტუცია, კანონმდებლობა ამის საშუალებას არ იძლევა და საზოგადოებაში რუსეთის შემადგენლობაში შესვლის განწყობები არ არის. ჩვენ ძვირი ფასი გადავიხადეთ დამოუკიდებლობისთვის. აფხაზეთში არ ვიცი ისეთი პოლიტიკური ძალა, პარტია ან საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც უარს იტყოდა დამოუკიდებლობაზე", - აღნიშნა სერგეი შამბამ.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ "უახლოეს მომავალში სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს რუსეთთან შეერთების მიმართულებით".