2022 წლის 5-7 აპრილს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია და მწერალთა სახლი ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ეროვნულ სტენდს წარადგენენ.
საქართველო ლონდონის წიგნის ბაზრობაზე უკვე მერვედ იღებს მონაწილეობას და ტრადიციულად, ბრიტანულ წიგნის ბაზარზე ქართველი ავტორებისა და გამომცემლების პოპულარიზაციას ემსახურება. საქართველოს ეროვნულ სტენდზე, რომელიც 18 კვ. მეტრს შეადგენს, წარმოდგენილი იქნება 200-მდე დასახელების ახალი ქართული გამოცემა, ასევე ქართველი გამომცემლების, მწერალთა სახლისა და წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიერ მომზადებული კატალოგები. დამთავლიერებლებს სტენდზე 2016-2020 წლების ქართული წიგნის ბაზრის კვლევის ნახვაც შეეძლებათ.
ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება უკრაინის თემაზე შექმნილი მხარდამჭერი ილუსტრაციები, რომლებიც ქართველმა ილუსტრატორებმა გიორგი გაგოშიძემ, სონია ელიაშვილმა, გიორგი ჯინჭარაძემ და თეონა ჭანიშვილმა სპეციალურად უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად შექმნეს. ამ გზით ქართველი გამომცემლები კიდევ ერთხელ გამოხატავენ სრულ მხარდაჭერასა და თანადგომას უკრაინელი ხალხის მიმართ.