"ქართული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის მტკიცებით, მის გუნდში ვერ მოხვდნენ ის ადამიანები, რომლებმაც ამბიციებს ვერ გადააბიჯეს.
"მხოლოდ პირადი ამბიციების გვერდზე გადადებით გახდა შესაძლებელი, ოპოზიცია გაერთიანებულიყო და ამ ერთობით წერტილი დავუსვით იმ აზრს, რომ გაერთიანება შეუძლებელი იყო. ეს შესაძლებელი გავხადეთ სრულიად განსხვავებული ადამიანების პირობებში და ვინც დღეს ამ გუნდში ვერ მოხვდა, მხოლოდ იმიტომ, მათ საკუთარ ამბიციებს ვერ გადააბიჯეს", - ნათქვამია ოქრუაშვილის მორიგ ვიდეომიმართვაში, რომელიც დღეს პარტიის დამფუძვნებელ ყრილობაზე გავრცელდა.
მისი განმარტებით, მოლაპარაკების ყველა რაუნდის დროს არსებობდა ისეთი საკითხები, რომლებიც "ჩაშლას უქადდა მათ ერთობას", მაგრამ საბოლოოდ, პირად ამბიციებს, ქვეყნის ინტერესმა სძლია.
"ხშირად გვეუბნებიან, რომ ბევრი შეცდომა მოგვივიდა და ამას არც უარვყოფთ. ბევრი გავაკეთეთ, ბევრი შეგვიქმნია ჩვენი ქვეყნისთვის და ბუნებრივია, ბევრის კეთებას მუდმივად ახლავს თან შეცდომები. მაგრამ კრიტიკას ვერ მივიღებთ იმ ადამიანებისგან, რომელთაც ცხოვრების განმავლობაში არაფერი შეუქმნიათ... საზოგადოების ერთი მცირე ნაწილი რევანშისტებად გვნათლავს და ამბობს, თითქოს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილი გვამოძრავებს. ჩვენი მოტივაცია სულ სხვაა - ისინი ცდებიან: თუ პირადად მე საქართველოში არ დავბრუნდები, რამდენადაც კარგი მამა არ უნდა ვიყო, ჩემი შვილები ქართველები არ იქნებიან. თუ მე საქართველოში არ დავბრუნდები, რამდენადაც კარგი შვილი არ უნდა ვიყო, ჩემი მშობლები გახარებულები ვერ იქნებიან. რამდენადაც კარგი მეგობარი არ უნდა ვიყო, თუ მიზანს ვერ მივაღწიეთ, ჩემთან მეგობრობის გამო გაუბედურებულ ადამიანებს, რომელთა ნაწილი ციხეშიც კი ზის, არაფერი ეშველება. ამის გამო სხვა არჩევანი არ გვაქვს - ეს არაა რევანშიზმი. ეს არის ჩვენი ვალდებულება", - აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.
შეგახსენებთ, რომ ოქრუაშვილი პარიზში, პოლიტიკური თავშესაფრის პირობებში ცხოვრობს.