პოლონეთის ხელისუფლება შეერთებულ შტატებს სთავაზობს, განიხილოს საკითხი რუსეთის "დიდი ოცეულიდან" (G20) გარიცხვის თაობაზე. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იტყობინება, პოლონეთის განვითარებისა და ტექნოლოგიების მინისტრზე პეტრ ნოვაკზე დაყრდნობით.
"ვაშინგტონში შეხვედრებისას, აშშ-ს ვაჭრობის მდივანთან ჯინა რაიმონდოსთან წარვადგინეთ წინადადება რუსეთის G20-დან გარიცხვის შესახებ, რასაც დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ეს საკითხი აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს გადაეცემა", - თქვა მინისტრმა.
ნოვაკის განცხადებით, რუსეთის ადგილი მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკების ფორმატში სწორედ პოლონეთმა უნდა დაიკავოს.
მანამდე, 15 მარტს G20-ში რუსეთის პოლონეთით ჩანაცვლების შესაძლებლობის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმაც ისაუბრა.
შეერთებულ შტატებს ოფიციალური კომენტარი რუსეთის გარიცხვის თაობაზე არ გაუკეთებია.
ინიციატივას გამოეხმაურა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცის. მისი თქმით, "დიდი ოცეულიდან" რუსეთის გარიცხვის საკითხი წევრმა ქვეყნებმა ერთობლივად უნდა გადაწყვიტონ.
ამ ფორმატში ბრაზილიის, ჩინეთის, სამხრეთ აფრიკისა და ინდოეთის მონაწილეობის გათვალისწინებით ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის "დიდი ოცეულიდან" გარიცხვა მოხერხდეს.
რა არის G-20 და ვინ არიან წევრები?
"დიდი ოცეული" ( Group of Twenty, G20) მსოფლიო ეკონომიკის მთავარი სტრატეგიული ფორუმია, რომელშიც ერთიანდება მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის მქონე 19 ქვეყანა და ერთი გაერთიანება. ესენი არიან: ავსტრალია, არგენტინა, ბრაზილია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, იაპონია, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, კანადა, მექსიკა, რუსეთი, სამხრეთ აფრიკა, სამხრეთ კორეა, საუდის არაბეთი, საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი. მეოცე წევრი ევროკავშირია, რომელიც სამიტზე ევროპის კომისიის და ევროპის ცენტრალური ბანკით არის წარმოდგენილი.
მთლიანობაში დიდ ოცეულში შემავალი ქვეყნები მოიცავს მსოფლიო ეკონომიკის 80 პროცენტს, მსოფლიო ვაჭრობის 75 პროცენტს და მსოფლიოს მოსახლეობის ორ მესამედს.
გარდა ამისა, ესპანეთი "დიდი ოცეულის" მოწვეული ქვეყნის სტატუსით სარგებლობს და ის 2008 წლიდან მუდმივად ესწრება "დიდი ოცეულის" სამიტებს.