ეროვნული მუზეუმის დირექტორატის გადაწყვეტილებით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილედ კულტურის სამინისტროს კულტურაზე ხელმისაწვდომობის დეპარტამენტის უფროსი თეონა ჯაყელი დაინიშნა. იუწყება კულტურის სამინისტრო.
უწყების ცნობით, დირექტორატის გადაწყვეტილების თანახმად, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დანიშვნის ბრძანებას გამოსცემს, რომელიც 19 მარტიდან შევა ძალაში.
"გენერალური დირექტორის მოადგილე მისთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებით, ხელს შეუწყობს გენერალურ დირექტორსა და დირექტორატს ეროვნული მუზეუმის გამჭვირვალე და ეფექტიან მართვაში.
როგორც ცნობილია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2022 წლის 3 მარტის N05/05 ბრძანებით საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილედ შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის, საქართველოს ეროვნული გალერეისა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის (მუზეუმთა ჯგუფის) დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი დაინიშნა, რომელიც დაკისრებული ფუნქციების შესრულებას ასევე 19 მარტიდან შეუდგება.
ეროვნულ მუზეუმში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილება არის გაგრძელება იმ სამუზეუმო რეფორმის, რომელიც 2021 წლის გაზაფხულზე დაიწყო და გულისხმობს კარგი მმართველობის თანამედროვე პრინციპების დანერგვას მუზეუმებში.
კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, 2021 წლის გაზაფხულიდან დღემდე, მუზეუმების ეფექტიანი და მოქნილი მართვის მიზნით, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში 5 მუზეუმი/მუზეუმთა ჯგუფი ჩამოყალიბდა: 1. შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი, ეროვნული გალერეა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი; 2. სპორტის მუზეუმი; 3. გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი და იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი; 4. სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმი, რომელიც ასევე მოიცავს 7 მუზეუმს და ორ კვლევით ცენტრს; 5. სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი", - ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.