მიმდინარე წლის 13 მარტს, სამედიცინო პერსონალის მიერ რეკომენდებული გამოკვლევების ჩატარების მიზნით, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს შპს "აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში", - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს, მისივე თანხმობით, ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია და ელექტრონეირომიოგრაფია ჩაუტარდა, ხოლო MRT კვლევაზე მან უარი თქვა.
„მოთხოვნის შემთხვევაში, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილსა და მის უფლებადამცველებს ჩატარებული კვლევების ამსახველი დოკუმენტაცია სრულად გადაეცემათ.
ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ბრალდება, რომ იუსტიციის სამინისტროს აღნიშნული ინფორმაცია გასაიდუმლოებული აქვს. განვმარტავთ, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მოკლებულია შესაძლებლობას, მსჯავრდებულის თანხმობის გარეშე, დაამუშაოს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რადგან ის განსაკუთრებული კატეგორიის ინფორმაციას წარმოადგენს.
მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ სისტემაში უზრუნველყოფილია ყველა საჭირო მედიკამენტითა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მომსახურებით“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.