უკრაინის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანიამ განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა კიდევ ერთხელ დააზიანა მაღალი ძაბვის ხაზი, რომელიც ჩერნობილის ყოფილ ატომურ ელექტროსადგურს ელექტრო ქსელთან აკავშირებს.
სავარაუდოდ, დაზიანება მალევე მოხდა მას შემდეგ, რაც გუშინ გავრცელდა ცნობა, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ელექტრომომარაგების აღდგენის შესახებ.
Ukrenergo არ აკონკრეტებს, ელექტროენერგიის გარე მიწოდება მთლიანად შეუწყდა თუ არა ელექტროსადგურს და გადავიდა თუ არა კვების სარეზერვო მარაგებზე.
უწყების განცხადებით, სარემონტო ეკიპაჟს დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს წვდომა ადგილზე, რომელიც ოკუპირებულია რუსული ძალების მიერ, რათა შეფასდეს დაზიანების ხარისხი.
შეგახსენებთ, გუშინ, უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩერნობილის ატომურ სადგურზე ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური გასულ თვეში, უკრაინაში შეჭრის პირველ დღეს ჩაიგდეს ხელში. ელექტროსადგურში რჩება უკრაინული პერსონალი, რომელსაც ოკუპანტები აკონტროლებენ.
პერსონალი აგრძელებს მოვალეობების შესრულებას. მათი თქმით, ატმოსფერო მშვიდია, მაგრამ შიგნით პირობები რთულია, საკვები და მედიკამენტები შეზღუდულია.
ჩერნობილში მომხდარი შემაძრწუნებელი ატომური კატასტროფის შემდეგ, ელექტროსადგური მუდმივ ყურადღებას და მართვას მოითხოვს.