უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო აცხადებს, რომ ჩერნობილის ატომურ სადგურზე ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია.
მანამდე ვრცელდებოდა შემაშფოთებელი ცნობები იმის თაობაზე, რომ საბრძოლო მოქმედებებისას დაზიანებული მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემის ხაზის აღდგენის გარეშე, შესაძლოა, რადიაციის გაჟონვის რისკები დამდგარიყო.
ცნობილი იყო, რომ ატომური ელექტროსადგური სარეზერვო ენერგიის გამოყენებაზე იყო გადასული, რაც შეიძლება უახლოეს საათებში ამოწურულიყო.
ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, ამ დროისთვის გაგრილების სისტემები ნორმალურად მუშაობს, სარეზერვო ენერგიის გარეშე.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური გასულ თვეში, უკრაინაში შეჭრის პირველ დღეს ჩაიგდეს ხელში. ელექტროსადგურში რჩება უკრაინული პერსონალი, რომელსაც ოკუპანტები აკონტროლებენ.
პერსონალი აგრძელებს მოვალეობების შესრულებას. მათი თქმით, ატმოსფერო მშვიდია, მაგრამ შიგნით პირობები რთულია, საკვები და მედიკამენტები შეზღუდულია.
ჩერნობილში მომხდარი შემაძრწუნებელი ატომური კატასტროფის შემდეგ, ელექტროსადგური მუდმივ ყურადღებას და მართვას მოითხოვს.