იაპონიის მთავრობა აწარმოებს მოლაპარაკებებს აშშ-სა და ევროპის ქვეყნებთან რუსეთიდან ნედლი ნავთობის მიწოდების შესაძლო ემბარგოს შესახებ. ამის შესახებ სააგენტო Kyodo News-ი ტოკიოს სამთავრობო წრეებზე დაყრდნობით იტყობინება.
რუსეთი იაპონიაში ნავთობის იმპორტის მხრივ მე-5 ადგილზეა.
იაპონიის პრემიერ მინისტრმა ფუმიო კიშიდამ პარლამენტის წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ საჭიროა მოკავშირეებთან შეთანხმებული ქმედებები უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით.
"არ უნდა ვიფიქროთ, რომ ის, რაც ხდება სხვების პრობლემაა ევროპაში. მსოფლიო წესრიგი, რომელიც აზიასაც, შეირყევა", - განაცხადა კიშიდამ.
მისი თქმით, იაპონიის ხელისუფლება ყურადღებით დააკვირდება რუსეთისა და ჩინეთის ქმედებებს საგარეო პოლიტიკაში.
როგორც იაპონური მედია აღნიშნავს, ტოკიო დიდი ალბათობით გადახედავს მოსკოვთან ურთიერთობას უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის ფარგლებში, რომლის მიღებაც მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.
"ადრე იაპონია მხარს უჭერდა რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობას ენერგეტიკისა და უსაფრთხოების სფეროში", - ნათქვამია იაპონური უმსხვილესი ყოველდღიური გაზეთის Yomiuri Shimbun-ის მოხსენებაში. მაგრამ, უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის პირისპირ, ტოკიო ვეღარ შეძლებს მოსკოვს "პარტნიორს" უწოდოს.
დიდი ალბათობით, რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთან და ჩინეთთან ერთად იაპონიისთვის "ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევად" იქნება კლასიფიცირებული.
შეერთებული შტატები რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას განიხილავს
მანამდე, 6 მარტს, ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატების ხელისუფლება ევროკავშირთან ერთად განიხილავს რუსეთიდან ნავთობის მიწოდების აკრძალვის შესაძლებლობას.
"ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა კოორდინირდეს ნაბიჯები რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვისა და მსოფლიო ბაზარზე საკმარისი მარაგების შენარჩუნების მიზნით. ეს დისკუსიები ძალიან აქტიურია", - განუცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა CNN-ს.