4 მარტს ბრიუსელში გამართულ ნატოს საგანგებო შეხვედრაზე უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადების საკითხი დაისვა, თუმცა მოკავშირეებს შორის შეთანხმება არ არის. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
"იყო ეს საკითხი ნახსენები, მაგრამ მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ ჩვენ არ გვჭირდება ნატოს თვითმფრინავები უკრაინის საჰაერო სივრცეში ან ნატოს ჯარების შესვლა უკრაინაში", - თქვა მან.
უკრაინელი ჟურნალისტების კითხვებზე, შეუძლია თუ არა ალიანსს გადახედოს თავის პოზიციას, ნატოს გენერალურმა მდივანმა მიანიშნა, რომ ასეთი გადაწყვეტილება შეუძლებელია.
"ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ თავიდან ავიცილოთ ამ ომის ესკალაცია და მისი გავრცელება უკრაინის საზღვრებს გარეთ, რადგან მაშინ სიტუაცია კიდევ უფრო საშიში გახდება. ამიტომ ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არ ჩავერევით არც ხმელეთზე და არც საჰაერო სივრცეში.
არასფრენის ზონის გამოცხადების გადაწყვეტილების აღსრულების ერთადერთი გზა არის ნატოს მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნა უკრაინის საჰაერო სივრცეში და აკრძალული ზონის დაცვა. რუსული თვითმფრინავების ჩამოგდება. თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ, ეს შეიძლება გადაიზარდოს სრულმასშტაბიან ომში ევროპაში, რომელშიც კიდევ უფრო მეტი ქვეყანა ჩაერთვება და ეს კიდევ უფრო მეტ ტანჯვას გამოიწვევს“, - განმარტა იენს სტოლტენბერგმა.
მან დასძინა, რომ სწორედ ამიტომ ახორციელებენ ნატოს წევრი ქვეყნები რუსეთზე ძლიერ ზეწოლას სანქციებით და დახმარებას უწევენ უკრაინას, მაგრამ არ სურთ თავიანთი ძალების უშუალო ჩართვა.