ძალადობას აქვს უზარმაზარი ფასი - იაპონია მზად არის რუსული ბანკები SWIFT-იდან გათიშოს.
იაპონია მზად არის რუსული ბანკები SWIFT-დან გათიშოს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდა აცხადებს, რომ იაპონია უერთდება აშშ-ისა და ევროკავშირს და მზად არის რუსული ბანკები SWIFT-დან გათიშოს.
კიშიდამ დაგმო რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა, როგორც საერთაშორისო სამართლის დარღვევა, რომელიც ძირს უთხრის აღმოსავლეთ ევროპის ერის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
"ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ძალადობის მსგავს უგუნურ საქციელს აქვს უზარმაზარი ფასი", - განაცხადა იაპონიის პრემიერმა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ურთიერთობა რუსეთთან ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც ადრე იყო.
"იაპონიის მთავრობა უკრაინას 100 მილიონი დოლარის ღირებულების სასწრაფო ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს", - დასძინა მან
დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, ევროკავშირმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ და შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ კონკრეტული რუსული ბანკები ამოღებულნი იქნებიან SWIFT-დან, ანუ მსოფლიო ბანკთაშორისი ფინანსური ტელეკომუნიკაციის სისტემიდან.
სისტემა აკავშირებს 11 000-ზე მეტ ბანკს, ფინანსურ ინსტიტუტსა და კომპანიას 200-ზე მეტ ქვეყანაში.
იაპონიამ უკვე გამოაცხადა სანქციების მთელი რიგი, მათ შორის, სამი რუსული ბანკის აქტივების გაყინვა, ნახევარგამტარებისა და სხვა მაღალტექნოლოგიური საქონლის ექსპორტის კონტროლი და გარკვეული რუსი პირებისთვის ვიზის გაცემის შეჩერება.