აშშ, ბრიტანეთი და ევროკავშირი რამდენიმე რუსული ბანკის SWIFT-იდან გათიშვაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი და აშშ მზად არიან, რამდენიმე რუსული ბანკი გათიშონ გადახდის საერთაშორისო სისტემიდან.
პრესკონფერენციაზე მან ასევე თქვა, რომ რუსეთის არმია ახორციელებს "ბარბაროსულ ქმედებებს" უკრაინაში, ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვრიდან რამდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებით.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, დასავლელი მოკავშირეები მზად არიან რუსეთს "მასიური საფასური" დააკისრონ და "მნიშვნელოვნად გამკაცრონ" სანქციები.
მალევე, ევროკავშირმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ, გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ და შეერთებულმა შტატებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელიც კიდევ გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში.
"როდესაც რუსული ძალები ახორციელებენ თავდასხმას კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე, ვაგრძელებთ მოსკოვისთვის საფასურის დაკისრებას, რაც რუსეთს კიდევ უფრო იზოლირებულს გახდის საერთაშორისო ფინანსური სისტემისა და ჩვენი ეკონომიკებისგან", - ნათქვამია განცხადებაში.
დასავლეთის ლიდერები აღნიშნავენ, რომ უახლოეს დღეებში განსახორციელებელი ზომები მოიცავს "შერჩეული რუსული ბანკების SWIFT-ის სისტემიდან ამოღებას".
კონკრეტულად რომელი ბანკები მოწყდებიან საერთაშორისო საფინანსო სისტემას ჯერჯერობით უცნობია.