რუსეთმა ვეტო დაადო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს, რომელშიც დაგმობილი იყო მოსკოვის სუვერენულ უკრაინაში შეჭრა.
გაეროს უშიშროების საბჭოს თერთმეტმა წევრმა, მათ შორის აშშ-მა, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, ჩინეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და ინდოეთმა თავი შეიკავეს.
დასავლეთის მედიის ცნობით, ჩინეთის თავშეკავება გამარჯვების ტოლფასია, რადგან ის ტრადიციულად რუსეთის მხარდამხარ ბლოკავს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს.
მოსალოდნელია, რომ ახლა უკვე რეზოლუციის პროექტს გაეროს გენერალური ასამბლეა განიხილავს, რომელიც 193 წევრისგან შედგება.
"ჩვენ ერთიანები ვართ უკრაინისა და მისი ხალხის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ უშიშროების საბჭოს უგუნური და უპასუხისმგებლო მუდმივი წევრი ბოროტად იყენებს ძალაუფლებას და თავს ესხმის მეზობელს", - თქვა გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ლინდა თომას-გრინფილდმა მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაბლოკა რეზოლუცია.
დიპლომატიური წყაროების ცნობით, გაეროს კენჭისყრა ორი საათით გადაიდო შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებს შორის მოლაპარაკებების გამო, რათა დაერწმუნებინათ ჩინეთი, შეეცვალა თავისი პოზიცია რეზოლუციის მიმართ.
უშიშროების საბჭოს დაბლოკილი რეზოლუციის პროექტი მოითხოვდა, რუსეთს "დაუყოვნებლივ შეეწყვიტა ძალის გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ" და "დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაეყვანა მთელი თავისი შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიიდან მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში".