საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ორბელიანების სასახლეში გუშინ გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გრიფით საიდუმლო დოკუმენტების განსაიდუმლოების თაობაზე სააკაშვილის თხოვნას უპასუხა.
"მადლობა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს სიმართლის თქმისთვის - რომ საბუთები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა ჩემსა და თემურ ჯანაშიას უდანაშაულობას, უბრალოდ მოპარულია პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან.
ცოტა დამაბნია იმან, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მე მადანაშაულებს, რომ მე მას ვემუქრებოდი. რანაირად უნდა დაემუქროს ვინმეს უუფლებო ტყვე? უბრალოდ გავაფრთხილეთ, რისი გამკეთებელია არსებული რეჟიმი.
ყველა შემთხვევაში, კიდევ ერთხელ მადლობა ძირითად საკითხზე სიმართლის თქმისთვის. გაირკვა, რომ თვითონ მოიპარეს დოკუმენტები და ახლა ეს ქურდები მე მასამართლებენ!" - წერს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, 18 თებერვალს მიხეილ სააკაშვილმა ღია წერილით მიმართა სალომე ზურაბიშვილს, სადაც 2013 წელს გამოცემული "გრიფით საიდუმლო" დოკუმენტაციების განსაიდუმლოებას სთხოვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სააკაშვილის თხოვნის საპასუხოდ განაცხადა, რომ დოკუმენტების განსაიდუმლოების შესაძლებლობას მოკლებულია, ვინაიდან ისინი მთავრობის ადმინისტრაციაში ინახება.