მინდა, ბატონ ლაშა ხუციშვილს ვთხოვო რეაგირება - მოგეხსენებათ, რომ ე.წ. „ქოლ ცენტრების“ საკითხი მუდმივი სპეკულირების საგანი გახდა გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან. მე არ მინდა, რა თქმა უნდა, ამაზე სპეკულაციური განცხადებები გავაკეთო, ყველამ ყველაფერი კარგად ვიცით, პროკურატურამ ამის თაობაზე რამდენიმე ფაქტი გაასაჯაროვა, გამოძიების კონკრეტული შედეგები დააყენა და გაასაჯაროვა, მათ შორის, გერმანიის მთავრობასთან, პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ღონისძიებების შედეგებიც. ყველაფერი ეს არის ნათელი, მაგრამ, ვინაიდან არ წყდება ეს სპეკულაციები, მე მინდა, ვთხოვო ბატონ ლაშას, რომ იგივე საგამოძიებო სამსახურის მონაწილეობით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, ჩართეთ სხვა უწყებებიც, რომელიც შეისწავლიან ე.წ. „ქოლ-ცენტრების“ საქმიანობას ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პროკურატურამ რამდენიმე ათეული პირის მიმართ უკვე დაიწყო გამოძიება და შედეგებიც სახეზეა, მაგრამ მაინც საჭიროა, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ დარეგულირდეს და შეწყდეს სპეკულაციები, რომელმაც კამპანიური ხასიათი მიიღო.
„ბევრნაირი „ქოლ-ცენტრი“ არსებობს ქვეყანაში, ჩვენ ამის წინააღმდეგები არ ვართ, მაგრამ თუ ეს საქმიანობა ცდება კანონიერებას და მის საზღვრებს, რა თქმა უნდა, ამაზე რეაგირება არის საჭირო. მე არ მინდა გვარების დასახელება, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან ჩართულნი, ჩემი ინფორმაციით. ამაზე გამოძიებას აქვს ინფორმაცია, მოგეხსენებათ, პროკურატურამ რამდენიმე ათეული პირის მიმართ დაიწყო გამოძიება და შედეგებიც სახეზეა, მაგრამ მაინც საჭირო არის, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ დარეგულირდეს და შეწყდეს ეს სპეკულაციები, რომელმაც მართლაც კამპანიური ხასიათი მიიღო და თავის გაფუჭებულს აბრალებენ სხვებს. ისინი არიან ჩართულები, ისინი იყვნენ ჩართულები და ვინაიდან, სახელმწიფომ გამოავლინა მათი დანაშაულებრივი სქემები, ამის შემდეგ დაიწყეს შურისძიების მიზნით ასე ვთქვათ, სხვებზე, ამ შემთხვევაში მთავრობის წევრებზე გადაბრალება, რაც რა თქმა უნდა აბსოლუტურად მიუღებელია და ამას სჭირდება არგუმენტირებული პასუხი. ამიტომ, ბატონო ლაშა გთხოვთ ამაზეც რეაგირება მოვახდინოთ,“- აღნიშნა პრემიერმა.