მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით მიმდინარე შეხვედრებს ეროვნული თანხმობის პროცესთან დაკავშირებით "ფეისბუქზე" ეხმიანება.
ყოფილი პრეზიდენტი წერს, რომ თანხმობა უნდა ეფუძნებოდეს 3 მთავარ საკითხს: წარსული წყენის დავიწყებას და უკან მოტოვებას; ახალი თამაშის წესებზე შეთანხმებას; მომავლის საერთო ხედვის შემუშავებას.
"მე თავიდანვე მხარი დავუჭირე სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას ეროვნულ თანხმობაზე და ახლაც მომწონს ზოგადი იდეა. რა თქმა უნდა, საეჭვოა, რომ პროცესმა ვერ მიგვიყვანა წარსულის ერთნაირ შეფასებებზე. ასეთი ერთნაირი შეფასება მსოფლიოს უმეტეს ნაწილებში არ არსებობს და იქ რაღაცნაირად ცხოვრობს ხალხი და პოულობს საერთო ენას.
მაგალითად, ქალბატონი სალომე თვლის, რომ ჩვენი "9 წელი" ძალიან უარყოფითი იყო. გამოკითხვებში ჩვენი ხალხის 70%-ს იმ წლებთან დადებითი ასოციაციები აკავშირებს. ამიტომ მგონია, რომ თანხმობა უნდა ეფუძნებოდეს 3 მთავარ რამეს:
1. წარსული წყენის დავიწყებას და უკან მოტოვებას;
2. დღეიდან ახალი თამაშის წესებზე შეთანხმებას;
3. მომავლის საერთო ხედვის შემუშავებას.
თუ ეს ყველაფერი აქეთ წავა, მე მხოლოდ ბედნიერი ვიქნები. უბრალოდ მაფიქრებს დროში 2 დამთხვევა. ჯერ ერთი, შარშან ეს პროცესი დაიწყო როცა ქუჩა დუღდა და გაჩენილმა მოლოდინებმა საპროტესტო ტემპერატურის დაწევას გარკვეულწილად ხელი შეუწყო. იანვარში იყო შესვენება და ახლა, როცა პოლიტიკური პროცესები, მათ შორის საპროტესტო მუხტი ისევ სწრაფად დაიძრა, ხელახლა ჩაირთო პარალელურად "თანხმობის პროცესი".
მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამას ქალბატონი პრეზიდენტი სპეციალურად ამთხვევს, მაგრამ არ მინდა ნამდვილი პოლიტიკური პროცესი ჩანაცვლდეს იმიტაციით და მულიაჟით. მზად ვართ ყველანი, დავეხმაროთ პრეზიდენტს პროცესის შინაარსით შევსებაში და გულწრფელად ვგულშემატკივრობ მას ამაში, მაგრამ ამასთანავე სხვა საქმესაც მივხედოთ ყველამ ერთად, საქმეს!
გვახსოვდეს, რომ დასაკარგი დრო და სალონური საუბრების ფუფუნება არ გვაქვს. ყველანი უნდა გავერთიანდეთ, უნდა დავდგეთ არსებული მდგომარეობის წინააღმდეგ, რიგგარეშე არჩევნების მისაღწევად და ქვეყნის გადასარჩენად." წერს მიხეილ სააკაშვილი