სსიპ თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელად დავით დოიაშვილი დაინიშნა. იტყობინება კულტურის სამინისტრო.
უწყების ინფორმაციით, "პროფესიული თეატრების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, იგი მოცემულ პოზიციას ოთხი წლის ვადით დაიკავებს. ამის შესახებ შესაბამისი ბრძანება უკვე გამოიცა.
"დავით დოიაშვილი თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა და უფლებამოსილების ოთხწლიანი ვადა მიმდინარე წლის 1 იანვარს ამოეწურა.
მოცემულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი 2021 წლის 30 დეკემბერს გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობა მხოლოდ ზემოხსენებულმა კანდიდატმა მიიღო, რის საფუძველზეც კულტურის სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევ სარეკომენდაციო საბჭოს დავით დოიაშვილის კანდიდატურა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მიმდინარე წლის 24 იანვარს წარუდგინა.
სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს დებულების თანახმად (დებულება მინისტრის ბრძანებით 2021 წლის 6 დეკემბერს დამტკიცდა), სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს სამინისტრო, ხოლო კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო პირობები კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით განისაზღვრება. ამასთან, სამინისტრო, წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩევს არანაკლებ 2 და არაუმეტეს 3 კანდიდატს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილია მხოლოდ ერთი კანდიდატი. შერჩეულ კანდიდატთა სია წარედგინება სარეკომენდაციო საბჭოს, რომელიც შეარჩევს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნ კანდიდატურას და წარუდგენს კულტურის მინისტრს.
სარეკომენდაციო საბჭო ვალდებულია, კანდიდატის წარდგინებიდან 1 თვის ვადაში წარუდგინოს მინისტრს თავისი რეკომენდაცია", - ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.