საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალს პირველად ჩაატარებს. ფესტივალი 2022 წლის 5-9 ოქტომბერს ეროვნული არქივის კინოდარბაზში გაიმართება.
ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება საქართველოსა და უცხო ქვეყნების საარქივო, სამუზეუმო, საბიბლიოთეკო თუ სხვა დაწესებულებებში დაცული ყველაზე ძველი კინოდოკუმენტები – ერთი ფილმი ან ფილმების პროგრამა. ღონისძიების მონაწილეებს 15-წუთიანი პრეზენტაციების გამართვის შესაძლებლობაც მიეცემათ.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალის თემატიკა ყოველწლიურად შეიცვლება.
თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი და წარსადგენ ფილმთან დაკავშირებული მასალა უნდა გამოაგზავნონ 2022 წლის 1 ივლისამდე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: TIAFF@archives.gov.ge ან მატერიალური ფორმით მისამართზე: საქართველოს ეროვნული არქივი, ვაჟა-ფშაველას გამზირი 1, თბილისი, საქართველო 0160.
ფესტივალის შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.