25 ნოემბერს "სახალხო კრების" მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე "აღშფოთებული ადამიანებისგან" პარლამენტის შენობას უსაფრთხოების ჯგუფი დაიცავს. ამის შესახებ "სახალხო კრების" ერთ-ერთმა ინიციატორმა ნინო ბურჯანაძემ "კვირის პალიტრასთან" განაცხადა.
"კრებაზე იქნება ე. წ. უსაფრთხოების ჯგუფი, რომელიც ამას (პარლამენტში შეჭრას) არ დაუშვებს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ პროვოკაციისთვის ხელისუფლებამ გულწრფელად აღშფოთებული ადამიანებიც გამოიყენოს. ვიცი, რომ ხელისუფლება 25 ნოემბრისთვის საგანგებოდ ემზადება. ემზადოს, რამდენიც უნდა. ხალხის პროტესტს ვერ ჩაახშობს. თუ მოსახლეობის დიდი ნაწილი გადაწყვეტს, რომ აღარ უნდა ეს ხელისუფლება, ხელისუფლება ხალხის ნებას წინ ვერ აღუდგება, ხოლო თუ მოსახლეობა გაჩუმდება და სამზარეულოში გააგრძელებს წუწუნს, რა ცუდი მთავრობა გვყავსო, ხელისუფლება კიდევ დიდხანს შეინარჩუნებს ძალაუფლებას", - აცხადებს ბურჯანაძე.
მისი განმარტებით, ძნელია "პროვოკატორობის ჩემპიონ" ხელისუფლებას შეეჯიბრონ, მაგრამ თუ პროვოკაციის მცდელობა იქნება, მათაც აქვთ მექანიზმები, რომლის საშუალებითაც შეეცდებიან მათ აღკვეთას.
"ამის თაობაზე გაფრთხილებულია დიპკორპუსი, უამრავი წერილი გავგზავნეთ საერთაშორისო თანამეგობრობაში. პროვოკაციის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება და ეს ძალიან ძვირად დაუჯდება", - განმარტავს ის.
გარდა ამისა, ბურჯანაძის თქმით, თუ კრებაზე ბევრი ხალხი მივა, ხელისუფლება იძულებული გახდება, დათმობაზე წავიდეს.
"არ არსებობს ხელისუფლება, რომელიც 100 ან 200 ათასი კაცის პროტესტს უგულებელყოფს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ვითარება გამწვავდეს. ჩვენ ხალხს არ ვატყუებთ და არ ვამბობთ, 25-ში კრება რომ ჩატარდება, 26 ნოემბრის დილას საქართველო სააკაშვილის გარეშე შეხვდებაო. 25 ნოემბრიდან იწყება გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის, რომელიც აუცილებლად დამთავრდება საქართველოს მოსახლეობის გამარჯვებით და სააკაშვილის ხელისუფლების წასვლით, ოღონდ გონივრული მოქმედებაა საჭირო", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ.