უცნობი პირები კიევში თავს დაესხნენ გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას მრჩეველს - საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინული გამოცემა "უკრაინსკაია პრავდა" ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, 49 წლის ადეიშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
გავრცელებული ცნობით, ზურაბ ადეიშვილს თავს მამაკაცი დაესხა.
"უკრაინსკაია პრავდა" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თავდასხმა სავარაუდოდ საქართველოში ადეიშვილის საქმიანობას უკავშირდება.
ამ დროისთვის სამართალდამცველები თავდამსხმელების იდენტიფიცირებას, საგამოძიებო მოქმედებებსა და ოპერატიული სამძებრო ღონისძიებებს ახორციელებენ.