რუსეთი არ შემოიფარგლება მხოლოდ ცხინვალის ანექსიით და ანაკლიის მიერთებით, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
მისი თქმით, "ოცნების" ერთ-ერთ წამყვანი პოლიტიკოსისგან მზადდება ღიად გაცხადებული, "რუსული საქართველოს" პოლიტიკური ლიდერი.
"2009 წელს, ანაკლიის ტერიტორიის წაღება რუსეთს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა. მე პირადად კი, იქ დიდი პორტის მშენებლობის საბოლოო გადაწყვეტილება 2011 წელს მივიღე, მანამდე მხოლოდ იდეა მქონდა. გამოდის, რომ რუსებმა წინმსწრებად მოინდომეს ღრმაწყლოვანი ყურის მიტაცება.
მაშინ მათ გადადგეს ნაბიჯები ჩვენი დესტაბილიზაციისკენ, გამყოფი ხაზის გასწვრივ აგვიფეთქეს წალენჯიხის გამგებელი და ბომბი დადეს სენაკის რკინიგზაზე. ასევე, ბათუმში აგვიფეთქეს სპეცრაზმის უფროსი. ტერაქტების შეჩერება ბაიდენთან ჩემი ორჯერ შეხვედრისა და მასთან და ობამასთან რამდენიმე სატელეფონო ზარის შედეგად მოხერხდა, რის შემდეგაც ობამა ორჯერ ესაუბრა პუტინს ამ თემაზე საკმაოდ მკაცრად. ამ დიპლომატიის შედეგად შეწყდა ტერაქტები, ბორდერიზაცია ცხინვალის რეგიონში და ხაზის გადმოსწვრივ.
საჩხერის რაიონში, სოფელ პერევში, გადმოწეული "საზღვარი" უკან გადასწიეს და ხელი აიღეს ანაკლიის და ენგურის კაშხლის წაღებაზე.
ვშიშობ, ახლა ისე მოახერხებენ ამ ყველაფერს, ხმის ამომღები ბევრი არავინ იქნება - "ჩვენ ხომ აღარ ვართ განხეთქილების ვაშლი რუსეთსა და დასავლეთს შორის". რუსებს თითქმის დამთავრებული აქვთ "სამხრეთ ოსეთის" ბორდერიზაცია და ახლა ისინი დაკავებულები არიან დამატებითი 200 კვ. კმ-ით, რომელშიც შედის თრუსოს ხეობაც, მოტაცებით.
რუსეთი არ შემოიფარგლება მხოლოდ ცხინვალის ანექსიით და ანაკლიის მიერთებით. მათ იციან, რომ ეს ნაბიჯები გამოიწვევს თბილისში არეულობას და ამისთვისაც აქვთ მომზადებული ინფრასტრუქტურა შეიარაღებულ ძალებში ჩანერგილი აგენტურის, სუს-ის, ალტ.ინფოსა და სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის ეკლესიაში ჩანერგილი მე-5 კოლონის მეშვეობით. ასევე, "ოცნების" ერთ-ერთ წამყვანი პოლიტიკოსის მეშვეობით, რომელიც ცნობილია фсб-ს ორგანიზებულ დანაშაულთან მჭიდრო ურთიერთობით. ამ ლიდერისგან მზადდება ღიად გაცხადებული, "რუსული საქართველოს" პოლიტიკური ლიდერი.
ასეთია რუსული გეგმა. ჩვენ უნდა ვივარგოთ და ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად დავასწროთ და "უარესი" თავიდან ავიცილოთ", - აცხადებს სააკაშვილი.