აზერბაიჯანის კულტურის მინისტრის ანარ კარიმოვის განცხადებით, ბაქოს საქართველოსგან განჯის კარიბჭის დაბრუნება სურს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
კარიმოვის განცხადებით, განჯის კარიბჭის დაბრუნებასთან დაკავშირებით საქართველოსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. აზერბაიჯანის კულტურის მინისტრი ასევე ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ქართულ მხარეს ერთსულოვანი აზრი არ გამოუხატავს.
"განჯის კარიბჭის საკითხი დასმული იყო გასულ წელს, საქართველოში ჩემი ბოლო ვიზიტისას. ამ საკითხის თაობაზე ვიმსჯელეთ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან. საკითხს კარიბჭის დაბრუნებასთან დაკავშირებით განვიხილავთ საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებულ მთავრობათაშორისო კომისიის ფარგლებში. მოლაპარაკებები ადვილი არაა. ჩვენი მიზანია დავაბრუნოთ კარიბჭე აზერბაიჯანში", - განაცხადა კერიმოვმა.
აზერბაიჯანის კულტურის მინისტრი ანარ კარიმოვი საქართველოში 2021 წლის ივლისში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში კარიმოვი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა კულტურის სფეროში ორმხრივი კავშირების განვითარებაზე იმსჯელეს. ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი განჯის კარიბჭის თაობაზე.
განჯის კარიბჭის საქართველოში ჩამოტანა დავით აღმაშენებლის მემკვიდრის დემეტრე პირველის სახელს უკავშირდება. დემეტრე I-მა 1138-1139 წლებში განჯაში ლაშქრობისას ქალაქი აიღო, მისი ჭიშკარი გამარჯვების ნიშნად წამოიღო და გელათის მონასტერს შესწირა, როგორც სამხედრო ნადავლი, სადაც შესაფერისი ქართული წარწერით დღემდე დაცულია