გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრედერი რუსეთის სახელმწიფო კომპანია "გაზპრომის" დირექტორთა საბჭოს წევრად წარადგინეს.
დირექტორთა საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესახებ ინფორმაცია "გაზპრომის" პრესსამსახურმა გაავრცელა. როგორც ირკვევა დასახელებულია 10 კანდიდატი, რომელთა შორის ერთ-ერთი სწორედ კრემლის მიმართ ლოიალური შრედერია.
საბჭოს წევრების არჩევა 30 ივნისს სანქტ-პეტერბურგში "გაზპრომის" აქციონერთა ყოველწლიური საერთო კრების ფარგლებში გაიმართება.
გავრცელებული ცნობით, შრედერი ერთდაერთი უცხოელია კანდიდატთა სიაში. როგორც იუწყებიან, მოსალოდნელია, რომ შრედერი დაიკავებს ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის სიძის, ტიმურ კულიბაევის მიერ გამოთავისუფლებულ ადგილს.
შრედერი უკვე მუშაობს კრემლის გავლენის ქვეშ მოქმედ რუსულ ენერგოგიგანტში. ის 2017 წლიდან არის სახელმწიფო ნავთობკომპანია Rosneft-ის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი. შრედერი ამ თანამდებობაზე 2021 წლის ივნისში ხელახლა აირჩიეს.
გარდა ამისა, გერმანიის ყოფილი კანცლერი ასევე არის "ჩრდილოეთს ნაკადის" აქციონერთა კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადის" ოპერატორია.
შრედერი ერთადერი ევროპელი პოლიტიკოსი არ არის, რომელიც კრემლმა დაასაქმა. გასული წლის დეკემბერში, საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფიიონი რუსული უმსხვილესი ნავთობქიმიური კომპანია "სიბრუას" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა.
მანამდე, 2021 წლის ივლისში, ფრანსუა ფიიონი რუსული კომპანია "ზარუბეჟნეფტის" დირექტორთა საბჭოს წევრად აირჩიეს.
2021 წლის ივნისში კრემლის მიერ კონტროლირებადი ნავთობკომპანია "როსნეფტის" დირექტორთა საბჭოს წევრი, ავსტრიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, კარინ კნეისლი გახდა.