საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფიიონი რუსული უმსხვილესი ნავთობქიმიური კომპანია "სიბრუას" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა.
ფრანსუა ფიიონი დამოუკიდებელი დირექტორი იქნება, ის იმუშავებს აუდიტის, კადრებისა და დაჯილდოების, ასევე მდგრადი განვითარების კომიტეტებში.
2021 წლის ივლისში ფიიონი გახდა რუსული კომპანია "ზარუბეჟნეფტის" დირექტორთა საბჭოს წევრიც.
ფრანსუა ფიიონი საფრანგეთს პრემიერ-მინისტრის პოსტს 2007-2012 წლებში იკავებდა. 2017 წელს ის პოლიტიკიდან წავიდა, მას შემდეგ რაც საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონთან დამარცხადა.
2018 წელს რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ფიიონს მეგობრული ურთიერთობები აქვს ვლადიმირ პუტინთან. ამის შესახებ აქტიურად წერდა ფრანგული მედიაც. წარსულში, წინასაარჩევნო კამპანიისას, ფიიონმა განაცხადა, რომ ანექსირებული ყირიმი რუსეთის ნაწილია და ამას ვერაფერი შეცვლის.
2020 წლის ივნისში ფრანსუა ფიიონი ორი წლით პატიმრობა და სამი წლით პირობითი სასჯელი მიესაჯა თავისი ცოლის ფიქტიურად დასაქმების გამო. გამოძიების მასალებით, პენელოპა ფიიონი, ფიქტიურად იყო დასაქმებული პარლამენტის აპარატში და რამდნიმე წლის განმავლობაში იღებდა 800 ათასამდე ევროს ანაზღაურებას. პენელოპას მტკიცებით, ის ნამდვილად ასრულებდა რიგ მოვალეობებს, თუმცა დაუსწრებლად, რადგან ხუთი შვილის აღზრდით იყო დაკავებული.
ფრანსუა ფიიონი ერთადერი ევროპელი პოლიტიკოსი არ არის, რომელიც კრემლმა დაასაქმა. რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია "როსნეფტის" დირექტორთა საბჭოს გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრედერი ხელმძღვანელობს.
გარდა ამისა, რამდენიმე ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კრემლის მიერ კონტროლირებადი ნავთობკომპანია "როსნეფტის" დირექტორთა საბჭოს წევრი, არც მეტი არც ნაკლები, ავსტრიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, კარინ კნეისლი გახდა.