ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ქართული ღვინისა და ყურძნისეული ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლია. წარმოების საერთაშორისო სტანდარტის დაცვა ქართული ალკოჰოლური სასმელების, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობის და მასზე მოთხოვნის ზრდას უზრნუნველყოფს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.
ხარისხის მაქსიმალური კონტროლის მიზნით, 2021 წლის ივნისიდან, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად, სერტიფიცირებული საექსპორტო ქართული ღვინის ინსპექტირებას საერთაშორისო აუდიტორული კომპანიები „SGS“ და „Bureau Veritas” გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ახორციელებენ. აღნიშნული კომპანიების მიერ, გასულ წელს 166 საინსპექციო კონტროლი განხორციელდა, აღებული 324 ნიმუშიდან 20-ს სერტიფიკატი გაუუქმდა.
ამასთან ერთად, ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ, 2021 წელს განხორციელდა 50 სახელმწიფო კონტროლი და სახელმწიფო ზედამხედველობა, რაც საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს. აღებული იყო 700 ნიმუში, დარღვევების რაოდენობამ 6 შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში, ასევე განხორციელდა 41 საინსპექციო კონტროლი, აღებული იყო 116 ნიმუში, აქედან 3-ს ეთქვა უარი სერტიფიკატის გაცემაზე. საინსპექციო კონტროლო სერტიფიცირებისათვის წარდგენილი საექსპორტო ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ნიმუშის ლოტთან (ბოთლში დაფასოებული ღვინის პარტია) შესაბამისობის დადგენას გულისხმობს.
2021 წელს, საექსპორტო ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, ჩატარდა 275 დეგუსტაცია; შემოვიდა 12 527 ნიმუში, საიდანაც 688 უარყოფითად შეფასდა.