აშშ-ში საქართველოს ელჩობის კანდიდატის თემურ იაკობაშვილის განცხადებით ამ პოსტზე დამტკიცების შემთხვევაში მისი მთავარი მიზანი ქართულ ამერიკული ურთიერთობების "სხვა დონეზე გადაყვანა" იქნება.
"ხაზი საქართველოს ერთი აქვს. ეს არის ამერიკასთან ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება, ქარტიის სრული ინპლიმენტაცია. ჩემი ამბიცია იქნება, ასევე, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების სხვა - უფრო მაღალ დონეზე გადაყვანა" ,- განუცხადა ჟურნალისტებს იაკობაშვილმა, რომელიც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტთან გამოსამშვიდობებლად მოვიდა.
მისივე განმარტებით, რეინტეგრაციის საკიხებში სახელმწიფო მინისტრად მუშაობა მისთვის დიდი პატივი იყო. განვლილ პერიოდს უკვე ყოფილი მინისტრი "საკმაოდ ღირსეულს" უწოდებს.
"ჩემთვის რეინტეგრაციის მინისტრად ყოფნა პატივი იყო. რაც შეეხება მუშაობის შედეგებს, საკმაოდ რთული პერიოდი საკმაოდ ღირსეულად გავიარეთ. ამაყი ვარ, რომ თქვენთან ერთად მომიწია მუშაობა, ერთი ადამიანის წარმატება შეუძლებელია, თუ მას მთელი გუნდი არ უჭერს მხარს. კიდევ ერთხელ მინდა დაგარწმუნოთ იმაში, რომ თუ ჩვენს მიმართულებაში რაიმე წინსვლა იყო, ეს ჩვენი ყველას დამსახურებაა... ყველას გელოდებით ამერიკაში, თუმცა, ყველა ერთად არ ჩამოხვიდეთ", - მიმართა იაკობაშვილმა უკვე ყოფილ კოლეგებს.
"როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი იტყოდა, აშშ-ში ელჩად მძიმეწონიანი პოლიტიკური ფიგურა უნდოდათ. ეტყობა ჩემი ფიზიკური წონა ჰქონდათ მხედველობაში", - დასძინა იაკობაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში საქართველოს ელჩის პოსტზე იაკობაშვილის კანდიდატურა პარალმენტმა უნდა დაამტკიცოს.