საგარეო საქმეთა სამინისტროში გიგა ბოკერიას სხვა უწყებაში გადაყვანის გამო გული წყდებათ.
"გიგა ბოკერიას უშიშროების საბჭოს მდივნად გადაყვანა ამ უწყებისთვის დანაკლისი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მუშაობის მხრივ კოორდინაციაში დავრჩებით", - განუცხადა ჟურნალისტებს ბოკერიას უშიშროების საბჭოს მდივნად გადაყვანის საკითხზე კომენტირებისას მისმა უკვე ყოფილმა კოლეგამ, ნინო კალანდაძემ.
ამასთან, მისივე განმარტებით, გიგა ბოკერია მეტი მონაპოვარია საქართველოს ხელისუფლებისთვის იმ ადგილას, სადაც ის მუშაობას გააგრძელებს.
"უშიშროების საბჭოს მდივნობა ეს არის საქმიანობა, რომელიც პოლიტიკური გამოცდილებიდან გამომდინარე მას კარგად გამოუვა, მით უმეტეს, რომ გიგას ძალიან კონკრეტული და ჩამოყალიბებული ხედვა აქვს, როგორ უნდა წარმართოს მისი საქმიანობა", - დასძინა კალანდაძემ.
რაც შეეხება იმას, თუ ვინ დაიკავებს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე ბოკერიას ადგილს, კალანდაძის განმარტებით, "შიდა პროცედურებიდან გამომდინარე, რამდენიმე კანდიდატურა არსებობს, თუმცა ის ჯერ პრეზიდენტთან უნდა შეთანხმდეს და დასამტკიცებლად პრემიერს მხოლოდ ამის შემდეგ გადაეგზავნოს".
შეგახსენებთ, რომ ბოკერია, რომელსაც საგარეო უწყების ხელმძღვანელის პირველი მოადგილის პოსტი ეკავა, უშიშროების საბჭოს მდივანი ხდება.