შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფოთში სატვირთო ავტომობილების გაქურდვის ფაქტებზე 3 პირი დააკავა, ქუთაისში კი 3 არასრულწლოვანი ამხილა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 3 პირი: 2000 წელს დაბადებული ზ.ჩ., 2000 წელს დაბადებული დ.ჭ. და 2001 წელს დაბადებული დ.ღ. ფოთში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 31 იანვარს, ფოთში, სხვადასხვა ქუჩაზე გაჩერებული ავტომობილები გაქურდეს და მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა სამივე მათგანი ცხელ კვალზე დააკავეს.
რაც შეეხება მხილებულ პირებს, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ფაქტზე 3 არასრულწლოვანი - 2007 წელს დაბადებული გ.მ., 2007 წელს დაბადებული ლ.მ. და 2008 წელს დაბადებული ს.მ. ამხილეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა მიმდინარე წლის 29 იანვარს, ქუთაისში, ხარებავას ქუჩაზე, 5 ავტომანქანა გაქურდეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა სამივე არასრულწლოვანი მომხდარი ფაქტიდან მეორე დღეს ამხილეს. პოლიციამ მოპარული ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
მხილებული არასრულწლოვნები დანაშაულს აღიარებენ.
დანაშაულები 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფოთში მომხდარ ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს, ხოლო ქუთაისში მომხდარ ფაქტებზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რაც სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს.