საქართველოს ეროვნული მუზეუმი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ დაკარგული ექსპონატების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლო ბრალდებებია.
მუზეუმის განცხადებით, მათ გაერთიანებაში შემავალი მუზეუმებიდან, მათ შორის ხელოვნების მუზეუმიდან [ეროვნული მუზეუმის შექმნის დღიდან] არც ერთი ექსპონატი არ დაკარგულა.
"საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გვსურს კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ ეროვნული მუზეუმის შექმნის დღიდან, ჩვენს გაერთიანებაში შემავალი მუზეუმებიდან, მათ შორის ხელოვნების მუზეუმიდან, არც ერთი ექსპონატი არ დაკარგულა.
ეროვნული მუზეუმის მიმართ დღეს ისმის უსაფუძვლო ბრალდება "დაკარგულ" ექსპონატებთან დაკავშირებით. სინამდვილეში ექსპონატები სხვადასხვა მიზეზით გატანილია ეროვნული გალერეიდან 1950-იანი წლებიდან 2005 წლამდე, იმ დროს სანამ ეროვნული გალერეა საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანების ნაწილი გახდებოდა.
ეროვნული მუზეუმი დღემდე მუშაობს მუზეუმებიდან საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, სახელმწიფო ორგანიზაციებსა და კერძო პირებზე გაცემული ექსპონატების მუზეუმებში დაბრუნების პროცესზე. ეროვნული მუზეუმის გუნდის მიერ ეროვნული გალერეის ფონდებს უკვე დაუბრუნდა დროებით გაცემული 552 ექსპონატი, ხელოვნების მუზეუმის ფერწერის ფონდს კი 5“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, ეროვნული მუზეუმი აქვეყნებს ეროვნული გალერეიდან 1992-2005 წლებში სხვადასხვა საელჩოში გასული ექსპონატებისა და 2012-2021 წლებში ეროვნული გალერეის კოლექციებში დაბრუნებული ნამუშევრების ნუსხებს.
ბოლო ხანებია კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აქტიურად საუბრობს მუზეუმიდან ექსპონატების დაკარგვის თაობაზე. ერთ-ერთი ბოლო განცხადება, რომელიც დაკარგულ ექსპონატებს ეხებოდა, მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გააკეთა.