21-30 იანვარს, იტალიის ქ. ტრიესტეში გაიმართება „ტრიესტეს საერთაშორისო კინოფესტივალი“, რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილი იქნება ქართველ რეჟისორთა ფილმები.
ყოველწლიურად კინოფესტივალის სექცია „Wild Roses: Registe in Europa“ საზოგადოებას სთავაზობს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ქალი კინორეჟისორების ნამუშევრებს.
აღსანიშნავია, რომ წელს სექცია საქართველოს და ქართველ ქალ რეჟისორებს ეძღვნება. რეტროსპექტივის ფარგლებში ნაჩვენები იქნება ბოლო 10 წლის განმავლობაში გადაღებული 9 ქართული მხატვრული და დოკუმენტური ფილმი. რეტროსპექტივა შემდეგი პროგრამით გაიმართება:
1. „ანას ცხოვრება” (რეჟისორი ნინო ბასილია)
2. „დიდება დედოფალს” (რეჟისორი თათია სხირტლაძე)
3. „გრძელი ნათელი დღეები” (რეჟისორები ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი)
4. „კრედიტის ლიმიტი” (რეჟისორი სალომე ალექსი)
5. „მილსადენის მეზობლები” (რეჟისორი ნინო კირთაძე)
6. „როგორი იყო ოთახი” (რეჟისორი ქეთევან კაპანაძე)
7. „სხვისი სახლი” (რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე)
8. „მოთვინიერება” (რეჟისორი სალომე ჯაში)
9. „სველი ქვიშა” (რეჟისორი ელენე ნავერიანი)
აღსანიშნავია, რომ ტრიესტეს კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს სანდრო სულაძის ფილმი „გუშაგები”. იგი საქართველო-პოლონეთის კოპროდუქციაა და შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.
ქართული პროექტები ასევე წარმოდგენილი იქნება ტრიესტეს კინოფესტივალის ინდუსტრიულ პლატფორმაზე WHEN EAST MEETS WEST:
პროდიუსერი რუსუდან პირველი მიწვეულია ანიმაციური პროექტის განვითარების ვორქშოპზე The ANIMA SPIRIT /Animation Inspirational Lab პროექტით “14 კრისტალის თეორია” (რეჟისორი გიორგი მასხარაშვილი)
რეჟისორი ალექსანდრე ქორიძე მიწვეულია პლატფორმაზე Last Stop Trieste დოკუმენტური ფილმის პროექტით “ატონალური გაბრწყინება”
ტრიესტეს 33-ე საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ: https://www.triestefilmfestival.it/