საქართველოს ეროვნულ ბანკმა ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის ISO 27001 სერტიფიცირება გაიარა. ISO 27001 - ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის მსოფლიოში აღიარებული სტანდარტია, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მესამედ მიღო.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკში ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის და მათი დახვეწის მიზნით მუშაობა მრავალი წელია მიმდინარეობს. ეროვნული ბანკი დიდ ყურადღებას უთმობს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, კონფიდენციალურობისა და მთლიანობის დაცვას.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობაზე დაკავშირებული აუდიტის პროცესში მონაწილეობდნენ როგორც ქართული, ისე უცხოური კომპანიები. სერტიფიკატი გერმანულმა სასერტიფიკაციო ორგანომ TUV SUD Management Service GmbH - მა გასცა.
"ISO 27001 - ის სტანდარტთან შესაბამისობა ეროვნული ბანკისთვის და მთლიანად საფინანსო სექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. გასულ წლებში აღნიშნული სერტიფიკატი ეროვნულ ბანკს მხოლოდ კონკრეტულ სისტემებზე დანერგილი სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად ენიჭებოდა. წელს გავრცელების სფერო გაფართოვდა და ამჟამად ეროვნული ბანკის ყველა სტრუქტურულ ერთეულს მოიცავს. შესაბამისად, სერტიფიცირების და მასთან დაკავშირებული აუდიტის პროცესში ეროვნული ბანკის თითქმის ყველა სტრუქტურული ერთეული იყო ჩართული. აუდიტის მიზანი ეროვნულ ბანკში არსებული ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის ISO 27001 - ის სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შეფასება იყო“, - განაცხადა ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ ბურკიაშვილმა.
"საკონსულტაციო კომპანია "მენეჯმენტის სისტემებს" საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის 7-წლიანი ისტორია აქვს, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივი და TUV SUD Management Service GmbH - ის საერთაშორისო კონსულტანტები ნერგავენ DIN EN ISO/IEC 27001: 2017 ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემას, ატარებენ შესაბამის საკონტროლო და სასერტიფიკაციო აუდიტებს. მოხარული ვართ, რომ ორმხრივი წარმატებული თანამშრომლობით ჩვენი წვლილი შეგვაქვს ეროვნულ ბანკში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, კონფიდენციალურობისა და მთლიანობის დაცვაში. აღვნიშნავთ, რომ ეს არა მხოლოდ ეროვნული ბანკის, არამედ მთლიანად ქვეყნის ფინანსური სექტორისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია განვითარებისკენ", - განაცხადა კომპანია "მენეჯმენტის სისტემების" დირექტორმა ელგუჯა მელაძემ.