20 დეკემბერს, საქართველოს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია. დახვედრის ოფიციალური ცერემონია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ვიცე- პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თავად ის ფაქტი, რომ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ სომხეთ-საქართველოს მთავრობათაშორის ეკონომიკურ სხდომას პრემიერ-მინისტრები უხელმძღვანელებენ, მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები განსაკუთრებული დინამიკით გამოირჩევა.
დავით ზალკალიანის თქმით, ამაზე მიანიშნებს ორმხრივი ვიზიტების მაღალი დინამიკა .
„დღეს განსახილველი საკითხები ეკონომიკური კომისიის ფარგლებში, ძალიან აქტუალურია ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებისთვის. რა თქმა უნდა ასევე ორმხრივ ფორმატებში გვექნება საუბარი იმ მნიშვნელოვან ინიციატივებზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან იყო გაჟღერებული, განსაკუთრებით სამხრეთ-კავკასიის სამშვიდობო სამეზობლო ინიციატივასთან დაკავშირებით."-განაცხადა ზალკალიანმა.
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება, რის შემდეგაც, ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის თავმჯდომარეობით ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება. სხდომაში საქართვლოსა და სომხეთის მთავრობის წევრები, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.