ომიკრონი შტამთან დაკავშირებით საკმაოდ სწრაფი გადამდებლობის უნარი აღინიშნა, აცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, რომელმაც დღეს ქვეყანაში "ომიკრონის" დადასტურების შესახებ განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, ის დაახლოებით 3-4-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება, უფრო ადვილად აზიანებს ახალგაზრდა ასაკს, მხედველობაში მაქვს 40 წლამდე ასაკი.
"ასევე, ბავშვებს. ჯერჯერობით კორონავირუსის რა შემთხვევებიც არის გამოვლენილი, დღევანდელი რიცხვით უკვე 90-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული „ომიკრონი“, შედარებით მსუბუქი მიმდინარეობაა, მაგრამ მომავალში როგორ განვითარდება, ჯერ კიდევ რთულად პროგნოზირებადია. მოგეხსენებათ, ჩვენთან ზოგადად, ეპიდსიტუაცია ბოლო სამი კვირის განმავლობაში ნელი ტემპით, მაგრამ უმჯობესდება. ანუ ეპიდსიტუაციისთვის დამახასიათებელი ყველა ინდიკატორი, უმჯობესდება, მათ შორის სიკვდილობის მაჩვენებელი. სტაბილიზაციისკენ სვლის დინამიკა გრძელდება.
„ომიკრონის“ შემოსვლას საზღვარი ვერ დაიცავს და ველოდებოდით, რომ დაფიქსირდებოდა. რომ გითხრათ, ის დაუყოვნებლივ, დღეს და ხვალ იმოქმედებს ეპიდსიტუაციაზე-მეთქი, მართალი არ ვიქნები. ასე არ იქნება. სტაბილიზაციისკენ სვლა გარკვეულწილად გაგრძელდება, მაგრამ „დელტა“ შტამის ამ ახალი შტამით ჩანაცვლებას ალბათ დაახლოებით ორი თვე მაინც დასჭირდება. ვნახოთ, დავაკვირდეთ. ვინაიდან „ომიკრონი“ დაფიქსირდა, ეპიდსიტუაციის სწრაფ გაუარესებას არ ველოდები. ყოველ შემთხვევაში, ახალ წლამდე. შემდეგ ნელ-ნელა თუ გავრცელდა, იმ სისწრაფით, რაც ახასიათებს, რა თქმა უნდა, იქნება ჯანდაცვის სისტემის დატვირთვა, მაგრამ იმედი გვქვს, რომ შემთხვევების ძირითადი ნაწილი იქნება ამბულატორიული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.