საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შიდა ტურიზმის ხელშეწყობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მორიგი ტრენინგ კურსი დაასრულა. ტრენინგის შედეგად 280-მდე ტურიზმის სექტორში დასაქმებული და დასაქმების მსურველი პირი გადამზადდა.
ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს 4 რეგიონში ტრენინგი „სოფლის ტურიზმი და ტურისტული მომსახურების თავისებურებები სოფლად“ გაიმართა.
სასწავლო კურსი შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, იმერეთსა და გურიაში უსასყიდლოდ და რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდა. ტრენინგი შემდეგ ქალაქებსა და დაბებს მოიცავდა: გორი, კასპი, ხაშური, ბოლნისი, თეთრიწყარო, წყალტუბო, ზესტაფონი, ხონი, ვანი, ბაღდათი, ხარაგაული, ოზურგეთი, ჩოხატაური და ლანჩხუთი.
ტრენინგი აგროტურისტული ობიექტების წარმომადგენლებისათვის, საოჯახო სასტუმროებისა და სხვა განთავსების ობიექტებისათვის იყო განკუთვნილი. ტრენინგზე დასწრება სოფლის ტურიზმით დაინტერესებულ და ამ მიმართულებით საქმიანობის დაწყების მსურველებსაც შეეძლოთ.
სასწავლო კურსი საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის ტრენერებმა ჩაატარეს და შემდეგ თემებს მოიცავდა: ტურისტული პროდუქტები, წარმატებული ტურისტული პროდუქტების მაგალითები, რეგულაციები და საკანონმდებლო ჩარჩო, ფინანსური აღრიცხვა და ფასწარმოქმნა, დივერსიფიცირებული პროდუქტი, დივერსიფიცირებული კომუნიკაციის არხები და ა.შ.