ბავშვების ვაქცინაციასთან დაკავშირებული მითის თანახმად, იმის გამო, რომ მცირეწლოვნები კოვიდს შედარებით მარტივად უმკლავდებიან, ვაქცინაციის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის.
როგორც ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრში (CDC) განმარტავენ, 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში კორონავირუსის ვაქცინაციის მნიშვნელობა პოტენციურ რისკებს აღემატება.
5 წელზე უფროსი ბავშვი, ვაქცინაციის შედეგად, დაცულია მძიმედ მიმდინარე დაავადებისგან, ჰოსპიტალიზაციისგან, ან - კორონავირუსის ინფექციის გადატანის შემდეგ ხანგრძლივი გართულებებისგან. კორონავირუსის ვაქცინის კლინიკური ცდების განმავლობაში ათასობით ბავშვი მონაწილეობდა, აცრის შემდეგ, გვერდითი ეფექტები იყო მსუბუქი.
CDC-ის ინფორმაციით, ბავშვების დიდ ნაწილს გვერდითი მოვლენები საერთოდ არ აღენიშნებათ, სერიოზული გვერდითი მოვლენები კი ძალიან იშვიათია. განსხვავებით ვაქცინაციისგან, ბავშვებს, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში, მძიმე ავადობის დიდი რისკი აქვთ. 2021 წლის ოქტომბრის მონაცემებით, 5-დან 11 წლამდე 8300 ბავშვი იყო ჰოსპიტალიზებული და 100-მდე მცირეწლოვანი გარდაიცვალა.
კორონავირუსი, ამ ასაკობრივ კატეგორიაში, გარდაცვალების 10 ყველაზე ხშირ მიზეზს შორის არის. ამას გარდა, ბავშვების ნაწილს აქვს ხანმოკლე, ან ხანგრძლივი პოსტკოვიდური გართულებებიც. დაფიქსირდა მულტისისტემური ანთებითი სინდრომიც. CDC-ს ცნობით, აღნიშნული სინდტომი 2020 წლის აპრილიდან 2021 წლის ოქტომბრამდე 2300-ზე მეტ ბავშვს დაუდგინდა.