გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს.
გამამართლებელ ვერდიქტს 12-ვე ნაფიცმა მსაჯულმა დაუჭირა მხარი.
მერაბ კობიაშვილის მიმართ ბრალდება სისხლის სამართის კოდექსის ორი მუხლით იყო წარდგენილი - განზრახ მკვლელობა და განზრახ მკვლელობის მცდელობა.
გამამართლებელი ვერდიქტი გააპროტესტეს მოკლული თაზო გორთამაშვილის ოჯახის წევრებმა.
2020 წლის 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა კაცი (თაზო გორთამაშვილი) მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. მომხდართან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს.
კობიაშვილს ბრალი მკვლელობის, მკვლელობის მცდელობისა და ძალადობისთვის წარუდგინეს. ამასთან, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.
ბრალდებული კობიაშვილი გორის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადის ამოწურვის გამო, წინასწარი პატიმრობიდან 2020 წლის 12 ნოემბერს გაათავისუფლა.