სებ-ში გადაწყვეტილებების მიღება კოლეგიალურ საფუძვლებს ემყარება და ის მისი თანამშრომლების მიერ ეკონომიკურ, ფინანსურ, იურიდიულ და საერთაშორისო გამოცდილების ექსპერტიზაზე დამყარებულ რეკომენდაციებს ეფუძნება, აცხადებს სებ-ის პრეზიდენტი, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდა.
კობა გვენეტაძის თქმით, კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ბანკში აქტიურად ვმსჯელობთ, ეს არის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბანკის გაზრდილი ფუნქციების ფონზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საბჭოს როლი.
"ეს საკითხი რამდენიმე ხნის წინ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან განვიხილეთ. ზოგადად, როგორც განვითარებული ისე განვითარებადი ქვეყნების ცენტრალურ ბანკებში გადაწყვეტილებების მიღების ორი ძირითადი მოდელი შეიძლება გამოვყოთ - კოლეგიალური, სადაც ორგანიზაციის საბჭო ჩართულია რიგი გადაწყვეტილებების მიღებაში, და პრეზიდენტზე ორიენტირებული. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ უფრო მეორე მოდელს აწესებს, საქართველოს ეროვნულ ბანკში გადაწყვეტილებების მიღება კოლეგიალურ საფუძვლებს ემყარება და ის მისი თანამშრომლების მიერ ეკონომიკურ, ფინანსურ, იურიდიულ და საერთაშორისო გამოცდილების ექსპერტიზაზე დამყარებულ რეკომენდაციებს ეფუძნება. გადაწყვეტილებების მიღების ამ მოდელმა საშუალება მოგვცა რეფორმები ბევრი მიმართულებით გაგვეტარებინა, რაც ხშირად არაპოპულარული და რთული გადაწყვეტილებების მიღებას ნიშნავდა, და რისთვისაც ეროვნულმა ბანკმა არაერთი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის აღიარება დაიმსახურა, რაც ცალსახად წარმატებაა. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ გაზრდილი ფუნქციების და დინამიურად ცვალებადი ფინანსური ეკოსისტემების კვალდაკვალ ეს წარმატება შევინარჩუნოთ, რისთვისაც ამ მიმართულებით რეფორმის განხორციელების შესაძლებლობას განვიხილავთ. რადგანაც საერთაშორისო სავალუტო ფონდს ამ მხრივ გლობალური გამოცდილება აქვს, ჩვენ ვაგრძელებთ მათთან თანამშრომლობას ამ მიმართულებით, რაც ტექნიკური დახმარების ფარგლებშიც შეიძლება განხორციელდეს. შედეგების შესახებ მოგახსენებთ“, - განმარტა კობა გვენეტაძემ.