სებ-ის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განმარტებით, 2021 წლის განმავლობაში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა ნარჩუნდება.
მისივე თქმით, ნოემბერში ინფლაციამ 12.5 პროცენტი შეადგინა.
"გაძლიერებული ინფლაციური წნეხის მიზეზი როგორც კორონავირუსის გამო შექმნილი არაორდინარული ვითარება, ასევე შემდგომი აღდგენითი პროცესებია. კერძოდ, ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით ერთდროულად სხვადასხვა ფაქტორმა იმოქმედა, რომელთა შორის აღსანიშნავია მსოფლიოში ფართო მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების პერიოდულ გამოცემებში გლობალური ინფლაცია განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა. გამოსარჩევია სურსათის გაძვირება - პანდემიასთან დაკავშირებული შეფერხებების, ცუდი მოსავლისა და გაზრდილი სატრანსპორტო ხარჯების გამო მსოფლიოში სურსათის ფასები ბოლო ათი წლის მანძილზე უმაღლეს ნიშნულზეა. სურსათის გაძვირებამ განსაკუთრებით იმოქმედა განვითარებად ქვეყნებზე, სადაც სურსათის წონა სამომხმარებლო კალათაში განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით მაღალია. საქართველოს სამომხმარებლო კალათაშიც სურსათის წონა მაღალია და 29%-ს შეადგენს. აქედან გამომდინარე, სურსათის ფასის ცვლილება ინფლაციის მაჩვენებელზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს“, - განმარტავს კობა გვენეტაძე.