ერთი წლის წინ ოკუპირებულმა აფხაზეთმა და რუსეთმა ე.წ. ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ „პროგრამა“ დაამტკიცეს. ოფიციალური მონაცემებით, ის რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის „კანონმდებლობის“ ჰარმონიზაციას გულისხმობს და „მოკავშირეობისა და პარტნიორობის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების გაგრძელებას“ წარმოადგენს, რომელიც 2014 წლის 24 ნოემბერს უკანონოდ გაფორმდა. გასული წლის ნოემბერში გადაწყდა, რომ ფინანსური, ენერგო, ეკონომიკური და სოციალური სფერო ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული კანონებით უნდა დარეგულირებულიყო.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ოფიციალური მოსკოვი აფხაზეთსა და ცხინვალში ოკუპაციასთან ერთად, თანმიმდევრულ რუსიფიკაციის პოლიტიკასა და არაფორმალური ანექსიის პროცესსაც ახორციელებს. რუსეთის ფედერაცია აკონტროლებს დე ფაქტო რეგიონების პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ სფეროებს, გავლენის შესანარჩუნებლად კი, აქტიურად იყენებს მათ შორის ფინანსურ დახმარებას. მიმდინარე ანექსიას მრავალი ე.წ. შეთანხმება და ხელშეკრულება ადასტურებს. მაგალითისთვის საერთო საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრი შეგვიძლია გავიხსენოთ, რომელიც დე ფაქტო აფხაზეთის ვითომ შინაგან საქმეთა და რუსეთის ამავე უწყებას შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულების საფუძველზე შეიქმნა.
მოსკოვის სტრატეგიული მიზანი საქართველოს ორივე რეგიონში თუნდაც მოჩვენებითი „სუვერენიტეტის“ მინიმალური ნიშნების ბოლომდე აღმოფხვრაა. კრემლს სურს ე.წ. ინსტიტუციებზე სრული კონტროლი დაამყაროს. „ღრმა ინტეგრაციასთან“ დაკავშირებული ხელშეკრულებები მიზნად ისახავს აფხაზეთი კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული გახადოს რუსეთზე. რუსეთი საქართველოს ორივე ოკუპირებულ რეგიონში საერთაშორისო სამართლის არაერთ ნორმას არღვევს. პირველ რიგში, პუტინი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს ეხება და უკანონოდ ამყარებს ე.წ. ფორმალურ ურთიერთობებს საქართველოს რეგიონებსა და ოფიციალურ მოსკოვს შორის. ქართული მხარის ნებართვის ან ინფორმირების გარეშე ნებისმიერი ე.წ. ხელშეკრულება უბრალოდ კანონდარღვევას წარმოადგენს.
მოსკოვი აფხაზეთის და ცხინვალის კოლონიზაციის მიზნით ეტაპობრივად ამყარებდა ტოტალურ კონტროლს ყველა სფეროზე და ვითომ დამოუკიდებელი სახელმწიფოები, სინამვდილეში კი, რუსეთის გუბერნიებად გადაქცეული საქართველოს რეგიონები ახლა პუტინის კეთილ ნებაზე არიან ჩამოკიდებულნი. საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს უპირობო მხარდაჭერას უცხადებს და ბუნებრივია არანაირ „ხელშეკრულებას“ არ აღიარებს, ამიტომ აფხაზებს ადრე თუ გვიან იმაზე დაფიქრება მოუწევთ რამდენად უღირთ თავიანთი თავის რუსეთისთვის ბოლომდე ჩაბარება.
თამარ ფერაძე