ამჟამად განვიხილავთ ციფრული ვალუტის შესაძლო კონკრეტულ მახასიათებლებს, აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საქართველოში ციფრული ლარის განვითარების თემაზე კოენტირებისას. მისი თქმით, ციფრული ვალუტის ბევრი კომპონენტი უკვე არსებობს და ტექნოლოგიურად საკმაოდ გამართულია.
„ჩვენ ჩავატარეთ შეხვედრები ტექნოლოგიურ კომპანიებთან, რომლებმაც გამოხატეს ინტერესი საქართველოში ციფრული ლარის განვითარებასთან დაკავშირებით. დღეს გვაქვს საკმაოდ კარგი წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგიურად ციფრული ლარის შემოღება, რა ვარიანტები შეიძლება არსებობდეს. ამჟამად განვიხილავთ ციფრული ვალუტის შესაძლო კონკრეტულ მახასიათებლებს. აღსანიშნავია, რომ ციფრული ვალუტის ბევრი კომპონენტი უკვე არსებობს და ტექნოლოგიურად საკმაოდ გამართულია, თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი კომპონენტია გასავითარებელი - მაგალითად, ოფლაინ გადახდები, ინტეროპერაბელურობა სხვა სისტემებთან და ა.შ. ვფიქრობთ ასევე როგორ იქნება შესაძლებელი კერძო-საჯარო პარტნიორობის სხვადასხვა ფორმები გამოვიყენოთ. ცოტა ხანში გვექნება ღია, საჯარო განხილვები ამასთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, ესეც ხელს შეუწყობს სხვადასხვა აზრის მოსმენას ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გვენეტაძემ.