მიანმარის დამხობილ ლიდერს აუნ სან სუ ჩის ერთ-ერთ საქმეზე სასამართლომ 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
მიანმარის ხუნტამ აუნ სან სუ ჩის მრავალი სხვადასხვა ბრალდება წაუყენა, სხვა საქმეებზე განხილვა გრძელდება.
სასამართლომ მიანმარის ყოფილი ლიდერი დამნაშავედ ცნო სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციის შესახებ კანონის დარღვევასა და არეულობის წაქეზებაში.
აუნ სან სუ ჩის კიდევ 11 ბრალდება აქვს წაყენებული, რომელიც საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ დაგმობილია, როგორც უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული. თავად ყოფილი ლიდერი ყველა ბრალდებას უარყოფს.
აუნ სან სუჩი მიანმარში თებერვალში კანონიერი ხელისუფლების დამხობის შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა. მას ხუნტა შინაპატიმრობაში ამყოფებს. უცნობია, განაჩენის გამოტანის შემდეგ, ციხეში გადაიყვანენ თუ კვლავ შინაპატიმრობაში დარჩება.
სამხედრო ხუნტა, რომელმაც თებერვალში ჩაიგდო ძალაუფლება ხელში, სამხედრო გადატრიალებას იმით ხსნიდა, რომ თითქოს გასულ წელს ჩატარებულ არჩევნებში გაუგონარი მასშტაბის გაყალბებას ჰქონდა ადგილი და სწორედ ამის წყალობით გაიმარჯვა აუნ სან სუ ჩის პარტიამ.
არჩევნების დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მტკიცებით, კენჭისყრა ძირითადად თავისუფალი და სამართლიანი იყო და სან სუ ჩის წინააღმდეგ ბრალდებები ფართოდ გააკრიტიკეს, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული.
ხუნტამ სან სუ ჩის დაკავების შემდეგ სხვადასხვა ბრალდება წაუყენა, მათ შორის კოლონიალური ეპოქის ოფიციალური საიდუმლოების კანონის დარღვევა, კორუფცია, უკანონო რადიო აღჭურვილობის ფლობა, ამბოხის წაქეზება, იმპორტისა და ექსპორტის კანონის დარღვევა, სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციის შესახებ კანონის დარღვევა, დიდძალი ოქროსა და 600 000 დოლარის უკანონოდ მიღება.
სამხედრო გადატრიალება მიანმარში
1962 წლიდან რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, მიანმარის მმართველობის ფორმა სამხედრო დიქტატურა იყო. ქვეყანაში დემოკრატიული გარდაქმნის პროცესები 2011 წლიდან დაიწყო.
2020 წლის ნოემბერში "დემოკრატიის ეროვნულმა ლიგამ", ნობელის პრემიის ლაურეატ აუნ სან სუ ჩის მეთაურობით არჩევნები დიდი უპირატესობით მოიგო.
შეიარაღებულმა ძალებმა 2020 წლის საყოველთაო არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს და მისი შედეგები გააუქმეს.
2021 წლის 1-ელ თებერვალს მიანმარის სამხედროებმა ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს და საგანგებო მდგომარეობა ერთი წლით გამოაცხადეს. დააკავეს მიანმარის ლიდერი 75 წლის აუნ სან სუ ჩი და მრავალი სხვა პოლიტიკოსი.
ამბოხებიდან ზუსტად ექვსი თვის შემდეგ, სამხედრო ხუნტის ლიდერმა, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა მინ აუნ ჰლაინმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ორი წლით, 2023 წლის 1-ელ აგვისტომდე გაახანგრძლივა და დროებითი მთავრობა ჩამოაყალიბა.
საერთაშორისო საზოგადოება მკაცრად გმობს სამხედრო გადატრიალებას, არ ცნობს დროებით მთავრობას და აუნ სან სუ ჩის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
სამხედრო გადატრიალების შემდეგ, მიანმარში სამოქალაქო წინააღმდეგობა არ წყდება, რომელსაც სასტიკად ახშობენ უშიშროების ძალები. უფლებადამცველების თქმით, საპროტესტო აქციების დროს დაიღუპა 900 -ზე მეტი ადამიანი, დააპატიმრეს 6000 -ზე მეტი.