მიანმარში სამხედრო გადატრიალებიდან ზუსტად ექვსი თვის შემდეგ, სამხედრო ხუნტის ლიდერმა, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა მინ აუნ ჰლაინმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ორი წლით, 2023 წლის 1-ელ აგვისტომდე გაახანგრძლივა.
გენერალ მინ აუნ ჰლაინის თქმით, ქვეყანაში 2023 წლის მეორე ნახევარში ახალი საყოველთაო არჩევნები ჩატარდება.
ამასთან, სახელმწიფო ადმინისტრაციული საბჭოს განცხადებით, ამ პერიოდის განმავლობაში, მიანმარში გარდამავალი მთავრობა შეიქმნება, რომელსაც სახმედრო გადატრიალების მოთავე, გენერალური მინ აუნ ჰლაინი ჩაუდგება.
სამხედრო გადატრიალება მიანმარში
1962 წლიდან რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, მიანმარის მმართველობის ფორმა სამხედრო დიქტატურა იყო. ქვეყანაში დემოკრატიული გარდაქმნის პროცესები 2011 წლიდან დაიწყო. 2020 წლის ნოემბერში "დემოკრატიის ეროვნულმა ლიგამ", ნობელის პრემიის ლაურეატ აუნ სან სუ ჩის მეთაურობით არჩევნები დიდი უპირატესობით მოიგო.
შეიარაღებულმა ძალებმა 2020 წლის საყოველთაო არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს და მისი შედეგები გააუქმეს.
2021 წლის 1-ელ თებერვალს მიანმარის სამხედროებმა ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს და საგანგებო მდგომარეობა ერთი წლით გამოაცხადეს. დააკავეს მიანმარის ლიდერი 75 წლის აუნ სან სუ ჩი და მრავალი სხვა პოლიტიკოსი.
სამხედრო გადატრიალების შემდეგ, მიანმარში სამოქალაქო წინააღმდეგობა არ წყდება, რომელსაც სასტიკად ახშობენ უშიშროების ძალები. უფლებადამცველების თქმით, საპროტესტო აქციების დროს დაიღუპა 900 -ზე მეტი ადამიანი, დააპატიმრეს 6000 -ზე მეტი.