საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში სლოვენია სტუმრად 2:1 დაამარცხა.
სლოვენიის ქალაქ კოპერში გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. მეორე ტაიმის 51 წუთზე, ანგარიში სლოვენიელმა ცესარმა გახსნა. თუმცა შემდეგ ქართველებმა 2 წუთში ორი გოლი გაიტანეს, რაც გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა. 67 წუთზე, ლვოვის "კარპატის" ფეხბურთელმა, სანდრო გურულმა, რომელსაც დებიუტი ჰქონდა ნაკრებში, ანგარიში გაათანაბრა. ზუსტად ერთ წუთში კი მათე ვაწაძის პასით მოსკოვის "სპარტაკის" ფეხბურთელი ჯანო ანანიძე მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და გოლის გატანა არ გასჭირვებია.
სლოვენიიის მთავარმა მწვრთნელმა მატიაშ კეკმა გუნდი უძლიერესი შემადგენლობით ათამაშა, ქეცბაიამ კი ძირითადად ახალგაზრდა დებიუტანტი ფეხბურთელები გამოცადა ნაკრებში.
თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით ნაკრებმა სულ 8 შეხვედრა ითამაშა. აქედან 3 მოიგეს, ხოლო 5 ფრედ დაამთავრეს. გუშინ გამოქვეყნებულ ფიფა-კოკა კოლას რეიტინგში საქართველო 78-ე, ხოლო სლოვენიელები მე-15 ადგილზე იმყოფებიან. შემდეგი თვის რეიტინგში ეს გამარჯვება რეიტინგში ქართველებს საგრძნობლად წასწევს წინ.
გუშინ სხვა ამხანაგური შეხვედრებიც გაიმართა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრები შინ ბელგიასთან 0:2 დამარცხა, ხოლო მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთი მეზობელ პორტუგალიასთან სტუმრად 4:0 დამარცხდა.
ჩვენ ჯგუფში ერთი ოფიციალური შეხვედრაც ჩატარდა. ხორვატებმა შინ მალტა მიიღეს და 3:0 დაამარცხეს. ამ გამარჯვებით ხორვატები 4 შეხვედრაში მოპოვებული 10 ქულით ჯგუფის ლიდერები გახდნენ.