სამხრეთ აფრიკის სამედიცინო ასოციაციის თავმჯდომარე, ექიმი ანჟელიკ კუტზეს თქმით, კორონავირუსის ახალი "ომიკრონი" შტამი მსუბუქი სიმპტომებით ხასიათდება.
ანჟელიკ კუტზე პირველი ექიმია, რომელმაც ახალი შტამის შესახებ აცნობა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას.
მისი თქმით, ახალი შტამის შესახებ თავდაპირველად მაშინ იეჭვა, როდესაც 30 წლის მამაკაც პაციენტს მკურნალობდა. მისივე თქმით, პაციენტს აღენიშნებოდა დაღლილობა და მსუბუქი თავის ტკივილი და არცერთი სხვა სიმპტომი, რომელიც ჩვეულებრივ ახასიათებს კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანებს.
კუტზეს განცხადებით, ომიკრონით ინფიცირებულ რამდენიმე ადამიანზე დაკვირვების შესაძლებლობა ჰქონდა და თითქმის ყველას, ერთი და იგივე სიმპტომები ჰქონდა, ძირითადად, დაღლილობა და მსუბუქი თავის ტკივილი. ამასთან, კუტზე აღნიშნავს, რომ არცერთ პაციენტს არ დაუკარგავს ყნოსვისა და გემოს შეგრძნება.
"რასაც ჩვენ ვხედავ სამხრეთ აფრიკაში კლინიკური თვალსაზრისით და შეგახსენებთ, რომ ჩვენ ეპიცენტრში ვართ, ეს უაღრესად მსუბუქად მიმდინარეობს. ჩვენთვის ეს მსუბუქი შემთხვევებია", - თქვა კუტზემ.
ექიმის განცხადებით, ახალი შტამის გამოჩენის შემდეგ, ხელისუფალთა მიერ მკაცრი შეზღუდვების დაწესებად, შესაძლოა გადაჭარბებული იყოს, რადგან ჯერჯერობით, პანიკის საფუძველი არ არსებობს.
"თუმცა, ორი კვირის შემდეგ, შესაძლოა, სხვა აზრზე ვიყო", - დასძინა კუტზემ.
ანჟელიკ კუტზემ ასევე გამოთქვა შეშფოთება, რომ ახალი შტამი, შესაძლოა, შედარებით აგრესიული იყოს არავაქცინირებულ ადამიანებში.
კორონავირუსის ახალი შტამი B.1.1.529, რომელსაც მოგვიანებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ "ომიკრონი" უწოდა, თავდაპირველად ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გავრცელდა. მალევე, ომიკრონის შემთხვევები დაფიქსირდა ბრიტანეთში, გერმანიაში, იტალიაში, ბელგიაში, ჩეხეთში, ისრაელსა და ჰონგ კონგში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის "ომიკრონი" შტამი "შემაშფოთებელ" ვარიანტთა ნუსხაში შეიტანა. ახალი შტამის გავრცელების ფონზე, ქვეყნები სამოგზაურო შეზღუდვებს აწესებენ სამხრეთ აფრიკის რეგიონში მდებარე ქვეყნებისთვის. ცოტა ხნის წინ, სამოგზაურო რეგულაციები დააწესა საქართველომაც.
მეცნიერთა თქმით, ახალი ვარიანტის მუტაციის რაოდენობა შემაძრწუნებელია. კორონავირუსის არც ერთი წინა ვარიანტი ასე ინტენსიურად არ მუტირებდა. მათივე თქმით, ის ძლიერ განსხვავდება ყველა წინამორბედისგან.
ზოგიერთმა ექსპერტმა უკვე გამოთქვა შეშფოთება, რომ ანტისხეულები შეიძლება კარგად ვერ გაუმკლავდნენ ახალ შტამს და ვაქცინები შესაძლოა ნაკლებად ეფექტური იყოს. თუმცა, ჯერ კიდევ არ არსებობს მყარი სამეცნიერო მტკიცებულება, თუ რამდენად აგრესიულია ვირუსის ეს ვარიანტი.