დიდ ბრიტანეთში "ომიკრონის" სახელით ცნობილი კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების ორი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა ტელეკომპანია Skynews-ის ეთერში.
ჯანდაცვის მდივნის თქმით, ომიკრონით ინფიცირებული ადამიანები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
მისივე განცხადებით, მიზნობრივი ტესტირება განხორციელდება იმ ადგილებში, სადაც დაავადების შემთხვევებია გამოვლენილი - ჩელმსფორდსა და ნოტინჰემში.
"ეს ფაქტი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ პანდემია შორს არის დასრულებისგან", - თქვა ჯავიდმა.
კორონავირუსის ახალი შტამი B.1.1.529, რომელსაც მოგვიანებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ "ომიკრონი" უწოდა, თავდაპირველად სამხრეთ აფრიკის რეგიონში, ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გავრცელდა. მალევე, ომიკრონის შემთხვევები დაფიქსირდა ბელგიაში, ისრაელსა და ჰონგ კონგში. ორ საეჭვო შემთხვევას იკვლევენ გერმანიაში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის "ომიკრონი" შტამი "შემაშფოთებელ" ვარიანტთა ნუსხაში შეიტანა. ახალი შტამის გავრცელების ფონზე, ქვეყნები სამოგზაურო შეზღუდვებს აწესებენ სამხრეთ აფრიკის რეგიონში მდებარე ქვეყნებისთვის. ცოტა ხნის წინ, სამოგზაურო რეგულაციები დააწესა საქართველომაც.
მეცნიერთა თქმით, ახალი ვარიანტის მუტაციის რაოდენობა შემაძრწუნებელია. კორონავირუსის არც ერთი წინა ვარიანტი ასე ინტენსიურად არ მუტირებდა. მათივე თქმით, ის ძლიერ განსხვავდება ყველა წინამორბედისგან.
"ამ ვარიანტმა გაგვაკვირვა. მან დიდი ევოლუციური ნახტომი განიცადა და 50-მდე მუტაცია გაიარა", - განაცხადა სამხრეთ აფრიკის ეპიდემიოლოგიური რეაგირების ცენტრის ხელმძღვანელმა ტულიო დე ოლვეირამ.
სპეციალისტების აზრით, ინტენსიური მუტაცია აუცილებელი არ არის ადამიანისთვის საშიში იყოს, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ საქმე გვაქვს ვირუსთან, რომელიც რადიკალურად განსხვავდება უხანში წარმოშობილი ვირუსისგან.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ მომენტისთვის ვაქცინები, შესაძლოა, არასაკმარისად ეფექტიანი აღმოჩნდეს B.1.1.529-ის წინააღმდეგ.