რესტორნებს, რომლებსაც, 1 დეკემბრიდან სტუმრების მიღება მხოლოდ მწვანე სტატუსით შეუძლიათ, მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით რესტორნებს, რომელთაც, როგორც მოგეხსენებათ, 1 -ლი დეკემბრიდან სტუმრების მიღება შეუძლიათ მხოლოდ მწვანე სტატუსით, მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ, ანუ ისინი შეძლებენ თავისი გადაწყვეტილების შესაბამისად იმუშაონ იმდენი ხანი, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლიან", - აღნიშნა ღიბრაძემ.
მწვანე სტატუსი ენიჭება ადამიანს, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, გადატანილი აქვს კოვიდ ინფექცია, ასევე თუ მას აქვს 72 საათიანი ვალიდურობის PCR და 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენის ტესტი.