ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი, ჩინეთის ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, არ გამორიცხავს მომავალ წელს პეკინში ზამთრის ოლიმპიადის დიპლომატიური ბოიკოტის შესაძლებლობას. ამის შესახებ იტყობინება გამოცემა The Times.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მზადაა, გამოაცხადოს ბოიკოტი, ბრიტანეთის მთავრობაში მიმდინარეობს "აქტიური დისკუსია იმის შესახებ, მიბაძოს თუ არა გაერთიანებულმა სამეფომ ვაშინგტონის მაგალითს".
მთავრობაში განხილული ერთ-ერთი ვარიანტის მიხედვით, თამაშებს ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალური პირები არ დაესწრებიან, ქვეყანას ჩინეთში მხოლოდ ბრიტანეთის ელჩი წარადგენს.
The Times-ის ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი ბოიკოტის მტკიცე მხარდამჭერია, თუმცა ზოგიერთი წყარო ამას უარყოფს და არგუმენტას იმას ასახელებს, რომ მას ამ საკითხზე ოფიციალური განცხადებები არ გაუკეთებია.
"ამბობენ, რომ ტრასი შოკირებულია პეკინის მიერ უიღურების დევნის გამო, მათ შორის ცნობებით იძულებითი სტერილიზაციისა და მონური შრომის შესახებ ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთის ავტონომიურ რეგიონში სინცზიანში", - წერს გამოცემა.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარი თქვა, The Times-ის ინფორმაციასთან დაკავშირებით, კომენტარის გაკეთებაზე და შემოიფარგლა მხოლოდ ზოგადი განცხადებით, რომ "მთავრობა ძალ-ღონეს არ იშურებს გაეროში, რათა საერთაშორისო მექანიზმებით, ჩინეთის პასუხისმგებლობა დაეკისროს სინცზიანში ადამიანის უფლებების დარღვევისთვის".
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები პეკინის ოლიმპიადის დიპლომატიურ ბოიკოტს გეგმავს.
პეკინის ოლიმპიადა 2022 წლის 4-20 თებერვალს არის დაგეგმილი.
შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ჩინეთს ადანაშაულებენ მუსლიმი უიღურების მიმართ იძულებით შრომასა და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევებში ჩინეთის სინცზიან-უიღურის რაიონში.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, ჩინეთს ბრალს დებენ ასევე სინცზიანის პროვინციაში მასობრივ დაკავებებსა და წამებაში. იუწყებიან, რომ ამ პროვინციაში ჩინეთმა შექმნა ე.წ. შრომითი ბანაკები, სადაც ასეულ ათასობით უიღურ მოქალაქეებს ამყოფებს.
უიღურთა მასობრივი შევიწროების გამო, წლის დასაწყისში ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ ჩინეთის წინააღმდეგ კოორდინირებული სანქციები დააწესეს.