საჯარო სერვისების შექმნა და მოსახლეობისთვის მიწოდება, რაც ადგილობრივი თვითმმართველობების პრეროგატივაა, უნდა ემსახურებოდეს მოქალაქეების ინტერესებს და მათ კეთილდღეობას. საჯარო სერვისების ხარისხისა და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების შესაფასებლად, არასამთავრობო ორგანიზაციებმა "თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი - CPC" და " (პირველი) ბლოკი" ახლახან საპილოტე კვლევა - "საჯარო სერვისების დიზაინისა და სიმწიფის შეფასება ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში" დაასრულეს.
პროექტი განხორციელდა "საჯარო სერვისების სიმწიფის სისტემის" ინოვაციური მიდგომებითა და მეთოდოლოგიით, რაც საქართველოსთვის სიახლეა. რა ეტაპებს და მოლოდინებს მოიცავს "საჯარო სერვისების სიმწიფის სისტემა, ამ საკითხებთან დაკავშირებით "ჯი-ეიჩ-ენ"-ი მეთოდოლოგიის ავტორს, საჯარო ადმინისტრირების საერთაშორისო ექსპერტს, გიორგი ვაშაკიძეს ესაუბრა.
გიორგი ვაშაკიძე: საჯარო ადმინისტრირება რთული და კომპლექსური საკითხია. საჯარო ადმინისტრირება სახელმწიფოსა და მასში შემავალი ინსტიტუტების
ჰარმონიული თანაარსებობითა და თანამშრომლობით ისეთი პოლიტიკის შექმნას ისახავს მიზნად, რომელსაც საზოგადოებრივი სიკეთის მოტანა შეუძლია. საზოგადოება, როგორც წესი, საჯარო ადმინისტრაციასთან საჯარო სერვისების საშუალებით ურთიერთქმედებს. საჯარო სერვისებია ის მედიუმი, რომელიც საჯარო უწყებებს აძლევს შესაძლებლობას, პირდაპირი გავლენა მოახდინონ საზოგადოების და ამ საზოგადოებაში შემავალი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ამიტომ არის მნიშვნელოვანი საჯარო სერვისების ისე შექმნა და მიწოდება, რომ ისინი მართვის ხარისხის მაღალ სტანდარტს შეესაბამებოდნენ.
საჯარო სერვისები პირდაპირ გავლენას ახდენენ მოქალაქის კმაყოფილებისა თუ უკმაყოფილების დონეზე და ამით ადმინისტრაციასა და მოქალაქეს შორის ნდობაზე ახდენენ გავლენას. ზუსტად ამიტომაც, საჯარო სერვისების ხარისხიანი შექმნა და მიწოდება უნდა წარმოადგენდეს სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის ერთ-ერთ მთავარ ამოსავალ წერტილს.
თუმცაღა, საჯარო სერვისების ხარისხიანი მართვაც რთული და არერთგვაროვანი პროცესია. მათი შექმნა და მიწოდება არა მარტო საჯარო ორგანიზაციის შიგნით არსებული პროცესების ურთიერთქმედებაა, არამედ მასში, როგორც წესი, მოქალაქეები და გარე პარტნიორებიც არიან ჩართულნი. ამ მოთამაშეების ერთობლივი ძალისხმევით იქმნება საჯარო სერვისი.
აღსანიშნავია, რომ საჯარო სერვისის შექმნისა და მიწოდების რაიმე სახის მზა რეცეპტი არ არსებობს. სხვადახვა ქვეყნის ადმინისტრაციები ქმნიან საჯარო სერვისების მართვის შიდა სისტემებს. ეს სისტემები მორგებულია ის მახასიათებლებზე, რომლებიც ამა თუ იმ სახელმწიფო ადმინისტრირების საჯარო სისტემისთვის არის დამახასიათებელი. მაგრამ ზოგადი პრინციპების დონეზე ამ სისტემებს ბევრი საერთო აქვთ. მაგალითად, საჯარო სერვისის მართვის პროცესში სასურველია, არსებობდეს სერვისის მიზანი და ამოცანა, ნათელი იყოს სერვისის პროცესი და პროცედურა, არსებობდეს მექანიზმები მოქალაქეების ჩართვის მიზნით, ხდებოდეს სერვისების მონიტორინგი და შეფასება და ა.შ. ამ საერთო პრინციპების სტრუქტურისა და წყობის მახასიათებლებით განსხვავდება სხვადასხვა ხარისხის მართვის ჩარჩოები თუ სისტემები ერთმანეთისგან.
"საჯარო სერვისების სიმწიფის სისტემა", თავისი არსით, საჯარო სერვისების მართვის ჩარჩოა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას საჯარო სერვისების შექმნისა და მიწოდების სხვადასხვა კომპონენტების ხარისხი შევაფასოთ, დავადგინოთ მათი სიმწიფის დონე და საჭიროების შემთხვევაში, ისეთი ნაბიჯები გადავდგათ, რომლებიც საჯარო სერვისების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუტში, იქნება ეს ცენტრალურ დონეზე ფუნქციური სააგენტო თუ ადგილობრივი დონეზე არსებული მუნიციპალიტეტი. "საჯარო სერვისების სიმწიფის სისტემის" ძლიერი მხარე ზუსტად ის არის, რომ მისი გამოყენების შემთხვევაში უწყებამ შეიძლება დაინახოს საჯარო სერვისი იმ კუთხითა და იმ დეტალების დონეზე, რომელიც მანამდე არ ჰქონია გააზრებული და დანახული და მიიღოს შესაბამისი ზომები ხარისხის გასაუმჯობესებლად.
- როგორ შეაფასებდით გურიის მხარის მუნიციპალიტეტებში ჩატარებულ კვლევას, გამოიკვეთა თუ არა სპეციფიური სირთულეები, მიგნებები ან სიახლეები, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულად ამ რეგიონთან?
"საჯარო სერვისების სიმწიფის სისტემა" შეიქმნა ევროკავშირის მისიის მიერ დაფინანსებული "ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის" პროექტის - "საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის სისტემის შემუშავების" ფარგლებში და რამდენიმე სერვისის მიმწოდებელ სააგენტოსა და მუნიციპალიტეტში ტესტირების ეტაპს გადის. მათ შორის არის ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები. „საჯარო სერვისების სიმწიფის სისტემის" დასანერგად არასამთავრობო ორგანიზაციებს ჰქონდათ შესაძლებლობა გრანტების კონკურსში მიეღოთ მონაწილეობა და აღნიშნული სამი მუნიციპალიტეტი გამოევლინათ, როგორც სისტემის სატესტო მუნიციპალიტეტები. საჯარო სერვისების შეფასების დაწყებამდე, შერჩეულ ორგანიზაციებს ჰქონდათ შესაძლებლობა დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ სისტემის ლოგიკისა და ფუნქციების შესახებ და გამოეყენებინათ იგი სერვისების შესაფასებლად. მათ ეს განახორციელეს და საინტერესო შედეგიც მიიღეს.
საჯარო სერვისების შეფასებამ გამოავლინა, რომ აღნიშნულ მუნიციპალიტეტებს კარგად აქვთ განვითარებული პარტნიორების გამოვლენის მექანიზმები, მაშინ როდესაც საჯარო სერვისების შიდა ორგანიზაციული პროცესებისა და პროცედურების, ისევე როგორც, მოქალაქეების ჩართულობის საკითხები ჯერ კიდევ საჭიროებენ საფუძვლიან გაუმჯობესებას. გამოვლენილი გამოწვევები მსგავსია იმ სხვა მუნიციპალიტეტების გამოწვევებისა, რომლებიც მონაწილეობენ ტესტირების პროცესში და აჩვენებს იმ ტენდენციას, რომლის შემდგომი ანალიზისა და მუშაობის შედეგად სასურველია სერვისების შექმნისა და მიწოდების გაუმჯობესება.
- გურიის მხარის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული კვლევის შედეგებისა და რეკომენდაციების ანალიზის შედეგად, შესაძლებელია თუ არა დაიგეგმოს პროექტის მომდევნო საფეხური - საჯარო სერვისების სიმწიფის სისტემის გაუმჯობესების/სრულყოფის ეტაპი?
გურიის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში ჩატარებული შეფასების შედეგად შეიქმნა ანგარიშები, რომლებშიც აღწერილია და გაანალიზებულია ის ძლიერი და გასაუმჯობესებელი მხარეები, რომელიც მუნიციპალიტეტებს გააჩნიათ საჯარო სერვისების შექმნისა და მიწოდების თვალსაზრისით. ამის გარდა, შემფასებლებმა არაერთი პრაქტიკული ქმედების დანერგვა შესთავაზეს მუნიციპალიტეტებს. შემდგომი ეტაპია ამ ქმედებების იმ რაოდენობამდე დაყვანა, რომელთა დანერგვასაც მუნიციპალიტეტები შეძლებენ შემდგომი ორი-სამი წლის განმავლობაში.
ეს ქმედებები იმდენად პრაქტიკული ხასიათისაა, რომ მუნიციპალიტეტებს შეუძლიათ დამატებითი რესურსების მოზიდვა მათ დასანერგად და სერვისების გასაუმჯობესებლად. უფრო მეტიც, დღეს აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოებსა თუ აღმასრულებელ დონეებს შეუძლიათ თამამად გაიაზრონ გამოწვევები და ისე დაგეგმონ საჯარო სერვისები, რომ მომავალში საჯარო სერვისების შექმნისა და მიწოდების ხარისხის ძლიერ დონეს მიაღწიონ. თუმცა ამისათვის ეფექტური მუშაობა, დროის დახარჯვა და ახალი ცოდნის შეძენა მოუწევთ.