მიხეილ სააკაშვილი ყველანაირი სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად დღეიდან უარს აცხადებს ყველანაირი მინერალისა და ვიტამინის მიღებაზე, საუბარია გლუკოზის აბებზე. ამის შესახებ ნათქვმია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშ, რომელიც დღეს გავრცელდა.
"რაც შეეხება ჩემი შიმშილობის დეტალებს და "ხელისუფლების" განცხადებებს. კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ბოლო ქირურგიული ჩარევა ჩემს კუჭში (და ეს არ იყო ის პროცედურა, რაც მინისტრმა ახსენა) მოხდა 5 წლის წინ და ჩვეულებრივად შემიძლია საკვების მიღება და არც მადას ვუჩივი, 30 ოქტომბრის მერე მართლაც, ციხის სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაციით და იმის დაზუსტებით, რომ ეს სრულად შედის შიმშილობის პროტოკოლში, მივიღე რამდენიმე ბოთლი წვენი, არანაირ საკვებს მე არ ვიღებ, მიუხედავად დაჟინებული შეთავაზებისა კონსილიუმის ზოგიერთი წევრის და ადგილობრივი ექიმების მხრიდან, ხოლო რასაც ვიღებ ყველაფერზე აქტი დგება და ხელს ვაწერ, ხოლო დღეს დილიდან, რათა საბოლოოდ გამოვრიცხო ყველანაირი სპეკულაცია, უარი ვთქვი არა მხოლოდ წვენზე, არამედ მინერალზე, ვიტამინზე(გლუკოზის აბებზე), რაც ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებას ემსახურებოდა. ეს ნიშნავს რომ ნებისმიერ წუთს და მაქსიმუმ რამდენიმე დღეში, მძიმე გართულება გარდაუვალია, ზოგიერთი გართულება უკვე ისედაც აშკარაა და ბოლო დღეებში ადმინისტრაციას მოუხდა უკვე, რამდენიმე გარე სპეციალისტის გამოძახება. ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ პუტინის და ივანიშვილის მიზანია ჩემი ფიზიკური განადგურება და ისინი ამ მიზანთან ძალიან ახლოს არიან. ახლა მე მაქვს იმედი ქართველი ხალხის სოლიდარობის, ადამიანურობის და მოქალაქეობრივი პოზიციის.
გაუმარჯოს ჩვენ თავისუფლებას!" , - წერია მიმართვაში.
შეგახსენებთ, 5 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი სხვადასხვა სახის ფაფებსა და ნატურალურ წვენებს იღებს.