მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი სურვილით მიიღო სხვადასხვა სახის ფაფები და ნატურალური წვენები და ღებულობს ახლაც, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„ეს არის საკვები, ეს აღარ არის სამედიცინო დანიშნულება, ეს არის საკვები, რომელსაც ღებულობს პატიმარი“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
რატი ბრეგაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უნდა ისაუბრონ ექიმებმა და არა ადვოკატებმა.
„ამით სპეკულირება არ შეიძლება. ექიმებთან გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე შემიძლია, გითხრათ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური და ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი არის ნორმაში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
რატი ბრეგაძემ ასევე კომენტარი გააკეთა მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე იმის თაობაზე, რომ სააკაშვილმა საქართველოში შემოსვლამდე კუჭის ოპერაცია გაიკეთა.
„რაც შეეხება ინფორმაციას, რომელიც შეეხება რაიმე სახის ინფორმაციას ოპერაციაზე, ეს არის მისი პერსონალური ინფორმაცია და ამის შესახებ ვერ ვისაუბრებ.
რაც შეეხება სხვა საკვებ დანამატებს, აქვე უნდა გითხრათ, რომ ჩვენ მოგვმართა საქართველოს პარლამენტის წევრმა სადეპუტატო კითხვით, რომელზეც ჩვენ ვალდებული ვიყავით, გაგვეცა პასუხი. აქ იყო რამდენიმე შეკითხვა და ერთი შეკითხვა ეხებოდა საკვებ პროდუქტებსაც. ადრე საუბარი იყო იმაზეც, მიხეილ სააკაშვილმა შეიძინა თუ არა და ასევე, ბუნებრივია, გრძელდება თუ არა ამ პროდუქტების მიღება.
პასუხი იყო შემდეგი და პირველად ვამბობ ამას ეთერში, რადგანაც ამის შესახებ ჩვენ პარლამენტს უკვე ვუპასუხეთ, ეს ისედაც საჯარო გახდება. დიახ, თავიდან, შემოსვლისას, როდესაც მიიღო საბანკო ბარათი და ეს ძალიან სწრაფად მოხდა, სულ რაღაც ორ დღეში შემოსახლებიდან, შეიძინა გარკვეული პროდუქტები; შემდგომში, როგორც იცით, მან განაცხადა უარი ამ საკვები პროდუქტების მიღებაზე, გავიდა გარკვეული პერიოდი და ის დათანხმდა, საკუთარი სურვილით მიიღო სხვადასხვა სახის ფაფები და ნატურალური წვენები და ღებულობს ახლაც. ასევე, ის აგრძელებს იმ მედიკამენტების მიღებას, რომელიც გამოუწერეს ექიმებმა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.